ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტსა და მის თანმხლებ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხან ჭენგის ოფიციალური ვიზიტი 6-8 ნოემბერს გაგრძელდება.
ვიზიტის პროგრამა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან შეხვედრებს ითვალისწინებს. კერძოდ, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაური ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტსა და მის თანმხლებ დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესის საკითხებს განიხილავენ.
ჩინეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველო და ჩინეთი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები არიან და პეკინი მზად არის, თბილისთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმაოს.