ამერიკის საფონდო ბაზარზე ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მასშტაბური გაუფასურების შედეგად, ერთ დღეში დაახლოებით 2.5 ტრილიონი დოლარის საბაზრო ღირებულება დაიკარგა. CNN-ის ინფორმაციით, ინვესტორების შეშფოთება აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების წარმატებასა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე შესაძლო შეზღუდვებს უკავშირდება.

ხუთშაბათს, 5 ნოემბერს, ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე ორიენტირებული Nasdaq-ის ინდექსი 5.52%-ით შემცირდა და კორექციის ზონაში გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ ინდექსი 6 ოქტომბერს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით 10%-ზე მეტით არის შემცირებული.

Nasdaq-ისთვის ეს ყველაზე მძიმე სავაჭრო დღე იყო 2025 წლის აპრილის შემდეგ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასშტაბური სავაჭრო ტარიფები გამოაცხადა.

ვარდნა სხვა წამყვან ინდექსებსაც შეეხო. S&P 500-მა და Dow Jones-მა ასევე 2025 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური დანაკარგები განიცადეს.

განსაკუთრებით მკვეთრი იყო Dow Jones-ის ცვლილება. ოთხშაბათს ინდექსი 1 569 პუნქტით გაიზარდა, თუმცა მომდევნო დღეს 1 833 პუნქტით შემცირდა და წინა დღის მონაგები სრულად დაკარგა.

ამერიკული ბაზრების ვარდნა აზიურ ბირჟებზეც აისახა. პარასკევს სამხრეთ კორეის Kospi-ის ინდექსი ვაჭრობის გახსნისას თითქმის 9%-ით დაეცა, რის გამოც ბირჟაზე ვაჭრობა 20 წუთით შეჩერდა.

რატომ უფრთხიან ინვესტორები დემოკრატების გამარჯვებას?

CNN-ის ინფორმაციით, ინვესტორების შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტეხასის შტატის გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატი ჯინა ინოხოსას გამარჯვებაა.

ტეხასი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. შტატში მონაცემთა ცენტრებში მასშტაბურ ინვესტიციებს ახორციელებენ Google, Meta, Oracle და OpenAI.

არჩევნების პერიოდში ინოხოსა მონაცემთა ახალი ცენტრების მშენებლობაზე დროებითი შეზღუდვის დაწესებისა და ამ მიმართულებით მოქმედი ზოგიერთი საგადასახადო შეღავათის გაუქმების ინიციატივით გამოდიოდა.

ინვესტორები ვარაუდობენ, რომ მსგავსი პოლიტიკის განხორციელებამ შესაძლოა შეაფერხოს მონაცემთა ცენტრების მშენებლობა და შეამციროს მოთხოვნა იმ კომპანიების პროდუქციასა და მომსახურებაზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობენ.

Nvidia-ს აქციები 9.3%-ით გაუფასურდა

ყველაზე დიდი ზეწოლა ნახევარგამტარებისა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ კომპანიებზე დაფიქსირდა.

Nvidia-ს აქციები ხუთშაბათს 9.3%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიამ მიმდინარე წლის განმავლობაში დაგროვილი ზრდა დაკარგა.

ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდექსი 12.3%-ით დაეცა, რაც დაახლოებით ექვს-ნახევარი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დღიური ვარდნაა.

Tesla-ს აქციები 11%-ით შემცირდა, ხოლო SpaceX-ის – 9%-ით.

განსაკუთრებით მძიმე იყო ვითარება იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო გამოთვლით რესურსებს აქირავებენ.

CoreWeave-ის აქციები დაახლოებით 10%-ით, ხოლო Nebius-ის – 15%-ით გაუფასურდა.

CoreWeave-ის საბაზრო ღირებულება 2025 წლის ივნისში დაფიქსირებული პიკიდან 76%-ით არის შემცირებული, ხოლო Nebius-ის აქციები მიმდინარე წლის ივნისის მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 58%-ით არის გაუფასურებული.

ამასთან, Qualcomm-ის აქციები 9.5%-ით დაეცა. კომპანიამ მანამდე განაცხადა, რომ მეხსიერების ჩიპების გაძვირება მის გაყიდვებზე უარყოფითად მოქმედებს.

საფონდო ბაზარზე გაურკვევლობა იზრდება

ამერიკული საფონდო ბაზრის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საზომი, VIX-ის ინდექსი, ხუთშაბათს დაახლოებით 70%-ით გაიზარდა და ბოლო შვიდი თვის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

ეს თითქმის ორი წლის განმავლობაში ინდექსის ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა იყო.

გაყიდვების ტალღა მხოლოდ ტექნოლოგიურ კომპანიებს არ შეხებია. S&P 500-ის ინდექსში შემავალი 11-ვე სექტორი ვაჭრობის დასრულებისას შემცირებული იყო.

ინვესტორების ნაწილი შედარებით უსაფრთხო აქტივებზე გადავიდა, რის შედეგადაც აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა 4.84%-მდე შემცირდა – ბოლო ორი თვის ყველაზე დაბალ დონემდე.

ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე შესაძლო ბუშტზე საუბრობენ

ბოლო წლებში ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ცენტრების განვითარებაში ასობით მილიარდი დოლარის ინვესტირება დაიწყეს.

თუმცა ამ პროცესმა ინვესტორებს შორის გააჩინა კითხვები, რამდენად შეესაბამება ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი ხელოვნურ ინტელექტზე რეალურ მოთხოვნას.

Yardeni Research-ის პრეზიდენტის, ედ იარდენის შეფასებით, მონაცემთა ცენტრების მშენებლობის ტემპის შენელება შესაძლოა ბაზრისთვის დადებითიც აღმოჩნდეს.

მისი განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის სექტორში ინვესტიციები ზედმეტად სწრაფი და სპეკულაციური გახდა, ამიტომ ეტაპობრივი კორექცია უკეთესია, ვიდრე შესაძლო ფინანსური ბუშტის მკვეთრი გასკდომა.

ამასთან, Truist Advisory Services-ის საინვესტიციო დირექტორი კიტ ლერნერი მიიჩნევს, რომ ბაზრის ბოლო დღეების მკვეთრი რყევები შესაძლოა უფრო ემოციური რეაქცია იყოს, ვიდრე ტექნოლოგიური კომპანიების გრძელვადიანი პერსპექტივების რეალური შეფასება.

მისი აზრით, აქციების მნიშვნელოვანი გაუფასურება გრძელვადიანი ინვესტორებისთვის გარკვეულ შესაძლებლობებსაც ქმნის.

CNN-ის მონაცემებით, 6 ოქტომბრის პიკური მაჩვენებლებიდან Nasdaq დაახლოებით 12%-ით, ხოლო S&P 500 — 6%-ით არის შემცირებული. Dow Jones-ის ინდექსი კი 5 აგვისტოს დაფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით დაახლოებით 5%-ით არის გაუფასურებული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ტექნოლოგიურ სექტორში მაღალი მერყეობა შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის კომპანიების დაგეგმილი საჯარო განთავსებებისა და სექტორის რეგულირების შესახებ მიმდინარე დისკუსიების ფონზე.

წყარო: CNN