რა რისკებს ქმნის რუსეთზე მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება და ჩინურ სახელმწიფო კომპანიებთან სტრატეგიულ პროექტებში თანამშრომლობა? რატომ არ აისახება ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე თანაბრად? „მაესტროს ბიზნეს თაიმის“ სტუმარი, ეკონომისტი აკაკი ცომაია საუბრობს სავაჭრო კავშირების დივერსიფიკაციაზე, ბიზნესის პასუხისმგებლობასა და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუციურ საფუძვლებზე.
— ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში საქართველოს რუსეთსა და ჩინეთზე მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება ერთ-ერთ გამოწვევად არის დასახელებული. რამდენად რეალურია ეს რისკი და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ევროინტეგრაციაზე?
— ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, დღეს უფრო მძიმე პრობლემების წინაშე ვდგავართ – ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, დემოკრატიისა და ქვეყნის პოლიტიკური განვითარების მიმართულებით. ამ პრობლემებთან შედარებით, ეკონომიკური საკითხები ინტეგრაციის პროცესში მეორეხარისხოვან ადგილას გადადის.
თუმცა ცალკე აღებული ეკონომიკური დამოკიდებულების რისკიც მნიშვნელოვანია. რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა ახალი გარემოება არ არის – ეს სტატისტიკაშიც ჩანს. ერთ-ერთი მაგალითია ენერგეტიკა, თუმცა საკითხი სხვა პროდუქტებსა და სავაჭრო მიმართულებებსაც ეხება.
თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, დამოკიდებულება კიდევ უფრო გაღრმავდება. შემდგომ მისი შემცირება და ალტერნატიული წყაროებისა თუ ბაზრების მოძიება გაცილებით რთული და მტკივნეული იქნება.
ჩინეთის შემთხვევაში ყურადღება მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებზე არ უნდა გავამახვილოთ. ვაჭრობა და კერძო ინვესტიცია ერთი საკითხია, სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში ჩინური სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობა კი – სხვა.
რისკი ჩნდება მაშინ, როდესაც სახელმწიფოებს შორის ფინანსური შეთანხმებები, ვალი და სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლი ერთმანეთს უკავშირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რა პირობებით ხორციელდება ასეთი პროექტები და როგორ არის დაცული ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესები. ამ კონტექსტში განვიხილავ ანაკლიის პროექტში ჩინური მხარის მონაწილეობის საკითხსაც.
— შეუძლია საქართველოს, ერთდროულად შეინარჩუნოს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები რუსეთსა და ჩინეთთან და ევროკავშირთან ინტეგრაციაც გააგრძელოს? ხედავთ ამ მიმართულებებს შორის წინააღმდეგობას?
— საქართველოს ეკონომიკური მიმზიდველობის მნიშვნელოვანი საფუძველი სწორედ მისი ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაა.
თუ ქვეყანა ევროპული განვითარების გზას ჩამოშორდება და რუსეთზე დამოკიდებულებას გააღრმავებს, ეს მის სამომავლო შესაძლებლობებზეც იმოქმედებს. ჩინეთთან ურთიერთობაშიც მნიშვნელოვანია, საქართველო დამოუკიდებელი ეკონომიკური ინტერესებით მოქმედებდეს.
დღეს ქვეყანა გარკვეულ სარგებელს იღებს იმ გარემოებებიდან, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიქმნა. ამ შესაძლებლობებით მხოლოდ საქართველო არ სარგებლობს.
თუმცა მოკლევადიანი სარგებელი და გრძელვადიანი განვითარება ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ. ეკონომიკურ მაჩვენებლებში ზრდის ასახვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავალი იმავე პროპორციით იზრდება. მნიშვნელოვანია, ვისთან ნაწილდება ეს სარგებელი და რამდენად მდგრადია მისი წყარო.
— რუსეთის მხრიდან ალკოჰოლურ სასმელებზე დროებითი შეზღუდვისა და შემდეგ ქართული რძის პროდუქტებისთვის ბაზრის შესაძლო გახსნის შესახებ განცხადებებს როგორ აფასებთ? რა როლი აქვს ასეთ ურთიერთობაში ბიზნესის პასუხისმგებლობას?
— რუსეთის მსგავს გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილავ. ჩემი შეფასებით, ბაზარზე დაშვება თუ შეზღუდვების დაწესება ხშირად პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტია.
კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება თითოეული გადაწყვეტილება, დამატებითი ინფორმაციის გარეშე ვერ ვიტყვით. სხვადასხვა ვერსიის გამოთქმა შეიძლება, მაგრამ ვარაუდი დადასტურებულ გარემოებად არ უნდა წარმოვადგინოთ.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ის მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკისრება. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა განსაკუთრებით დიდია, რადგან სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს. თუმცა ბიზნესსაც, განსაკუთრებით მსხვილ ბიზნესს, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აქვს იმაზე, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა და რა დამოკიდებულებები ყალიბდება.
— ძლიერი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, დასაქმება კვლავ პრობლემად რჩება. რატომ არ გარდაიქმნება ზრდა შესაბამისი რაოდენობის სამუშაო ადგილებად?
— საერთო მაჩვენებლის მიღმა ეკონომიკის სექტორული სურათი უნდა დავინახოთ. მნიშვნელოვანია, რომელი დარგები იზრდება და რამდენ ადამიანს ასაქმებს თითოეული მათგანი.
ჩემი შეფასებით, ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს საფინანსო სექტორს, ინფორმაციასა და კომუნიკაციას, მშენებლობას, ტრანსპორტირებასა და დასაწყობებას. ამ მიმართულებებში აქტივობის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს დასაქმების ფართო ზრდას მთელ ეკონომიკაში.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში გასათვალისწინებელია უცხოელი სპეციალისტებისა და საქართველოში რეგისტრირებული საქმიანობის ფაქტორიც. უნდა შევაფასოთ, რამდენად უკავშირდება ასეთი აქტივობა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და რა სარგებელი რჩება ქვეყანაში.
ამავე დროს, პრობლემად რჩება მიგრაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდების გასვლა ქვეყნიდან. ამიტომ მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ვერ გვაძლევს სრულ პასუხს იმაზე, უმჯობესდება თუ არა ადამიანების მდგომარეობა.
— რა უნდა შეიცვალოს ეკონომიკურ პოლიტიკაში, რომ ზრდა დასაქმებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე უფრო მკაფიოდ აისახოს?
— მთავარი საკითხია, როგორი სახელმწიფოს ჩამოყალიბება გვინდა. საქართველოს გაცხადებული მიზანი ევროპული განვითარებაა, რაც მხოლოდ ევროკავშირის წევრობის ფორმალურ სტატუსს არ გულისხმობს.
საუბარია ევროპული ტიპის სახელმწიფოზე – ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე, შესაბამის ინსტიტუტებსა და ისეთ გარემოზე, რომელიც განვითარებასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
ევროკავშირში გაწევრიანებაც თავისთავად არ აუქმებს ყველა პრობლემას. მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობს სახელმწიფო და რამდენად თანმიმდევრულად ახორციელებს რეფორმებს.
ამიტომ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარს მხოლოდ ზრდის ტემპით ვერ შემოვფარგლავთ. გადამწყვეტია განვითარების მოდელი და ის, როგორ აისახება მისი შედეგი მოსახლეობაზე.
ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა
რესპონდენტი: აკაკი ცომაია, ეკონომისტი