მოლდოვის ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში სავიზო პოლიტიკის გადახედვას განიხილავს. ცვლილებები შესაძლოა შეეხოს რუსეთის, ბელარუსის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს.
ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ვასილი ტოფანმა ტელეკომპანია TV8-ის ეთერში განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მოლდოვას საკუთარი სავიზო პოლიტიკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოუწევს. ეს გულისხმობს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესებას, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა სჭირდებათ.
ტოფანის განცხადებით, კიშინიოვს ევროპული ინტეგრაციის გაგრძელება სურს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.
ამასთან, მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება ამოქმედდეს ახალი რეგულაციები.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის თანახმად, მოლდოვის სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის მოთხოვნებს სრულად ჯერ არ შეესაბამება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოლდოვას სავიზო რეჟიმის ევროკავშირის წესებთან შესაბამისობაში მოყვანა 11 სახელმწიფოსთან მიმართებით სჭირდება. მათ შორის არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები.
ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად სავიზო პოლიტიკის ცვლილებები უკვე განახორციელა გაწევრიანების კიდევ ერთმა კანდიდატმა ქვეყანამ, მონტენეგრომ, რომელმაც 2026 წლის 1 ნოემბრიდან რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო.
მოლდოვის შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილება და მისი ამოქმედების ვადები ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.