რამდენად შეუზღუდავს კონგრესში ძალთა ბალანსის ცვლილება დონალდ ტრამპს საგარეო პოლიტიკაში მოქმედების თავისუფლებას? „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი – ბაკო ხელაძე განიხილავს, რატომ შეიძლება გაუჭირდეს ვაშინგტონს რუსეთისთვის სანქციების სწრაფად მოხსნა, რა ბერკეტები აქვთ აშშ-სა და ირანს მოლაპარაკებებში და როგორ იცვლება ძალთა თანაფარდობა თავად ირანის ხელისუფლებაში.

– როგორ შეიძლება აისახოს აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე? ირანთან მიმართებით ცვლილებებს ელოდებით?

– კონგრესს მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს, განსაკუთრებით ბიუჯეტისა და სანქციების საკითხებში. ამავე დროს, საგარეო პოლიტიკაში პრეზიდენტს მოქმედების ფართო შესაძლებლობა აქვს და, მათ შორის, ვეტოს გამოყენებაც შეუძლია. ამიტომ არჩევნების შედეგები ტრამპის კურსს ავტომატურად არ შეცვლის, თუმცა კონგრესი მის გადაწყვეტილებებს უფრო მკაცრად გააკონტროლებს.

ეს ირანთან ურთიერთობაზეც შეიძლება აისახოს, მაგრამ უფრო თვალსაჩინო გავლენას რუსეთის მიმართულებით ველოდები. ტრამპს მოსკოვთან ურთიერთობის სწრაფად დალაგება სურდა. ამ მიდგომას რესპუბლიკელებშიც ჰყავს მოწინააღმდეგეები, დემოკრატების გაძლიერება კი მისი განხორციელების შესაძლებლობას კიდევ უფრო ამცირებს.

– რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის? რამდენად თავისუფლად შეძლებს ტრამპი რუსეთთან შეთანხმების მიღწევას?

– რუსეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ორივე პარტიაშია. ამიტომ სანქციების სწრაფად მოხსნა მარტივი არ იქნება. კონგრესში ძალთა ბალანსის ცვლილებამ შეიძლება შეაფერხოს ის ნაბიჯები, რომლებსაც ტრამპი მოსკოვთან ურთიერთობის დასალაგებლად განიხილავდა. ამასთან, კონგრესის გავლენის ზრდა თავისთავად არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მიმართ საკუთარ ხედვას შეცვლის.

– საერთაშორისო მედიაში განიხილავენ აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრას. რამდენად რეალისტურია ვარაუდი, რომ ამ ფორმატში მსოფლიო წესრიგის შეცვლაზე იმსჯელებენ?

– აშშ-სა და ჩინეთს შორის ორმხრივ შეხვედრებზე ყურადღება ეთმობოდა ხელოვნურ ინტელექტს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კრიტიკულ მინერალებს. შეხვედრებში მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რაც აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური დღის წესრიგი. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ საფუძველს იმის სათქმელად, რომ ეს საუბრები აუცილებლად სამმხრივ შეთანხმებამდე მივა ან მსოფლიო წესრიგის გადანაწილებას გამოიწვევს.

– როგორ აღიქვამს თეირანი აშშ-ის არჩევნების შედეგებს და რამდენად რეალურია დიპლომატიური გამოსავალი?

– ირანის ხელისუფლება ცდილობს, აშშ-ის არჩევნების შედეგები შიდა აუდიტორიას საკუთარ წარმატებად წარუდგინოს. მისი გზავნილია, რომ ომმა და საწვავის გაძვირებამ ამერიკელი ამომრჩევლის განწყობაზე იმოქმედა. ამ მსჯელობას თავისი ლოგიკა აქვს, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად დამაჯერებელია ეს გზავნილი ირანის მოსახლეობისთვის, რომელსაც უმუშევრობა, სოციალური სირთულეები და ადამიანის უფლებების მდგომარეობა აწუხებს.

ამერიკისთვის ომის განახლების პოლიტიკური ფასი, ჩემი შეფასებით, გაიზარდა. ამომრჩევლის ნაწილს სამხედრო დაპირისპირების გაგრძელება და ფასების შემდგომი ზრდა არ სურს. ირანის ხელისუფლებას კი დაძაბულობის შენარჩუნება შეიძლება შიდა პრობლემების ასახსნელად აწყობდეს. ამიტომ დიპლომატიური გამოსავალი შესაძლებელია, თუმცა ესკალაციის რისკიც რჩება.

– თუ სამხედრო დაპირისპირება აღარ განახლდა, ირანში მასობრივ პროტესტს უფრო ელოდებით თუ დაპირისპირებას თავად ხელისუფლების შიგნით?

– უფრო მეტად ხელისუფლების შიგნით გავლენისთვის ბრძოლას ველოდები. საზოგადოებაში ცვლილებების მოთხოვნა არსებობს და ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩანს, თუმცა ჯერჯერობით მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება არ მოჰყოლია.

ხელისუფლების შიგნით კი სამხედრო წრეების გავლენა იზრდება. მათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური რესურსებიც აქვთ. ამავე დროს, სამხედროები ერთგვაროვან ჯგუფს არ წარმოადგენენ. მათ შორისაც არის განსხვავებული ინტერესები. ესენი სისტემის შიგნით ჩამოყალიბებული ჯგუფებია, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებაზე მეტი გავლენის მოპოვებას ცდილობენ.

– აძლევს თუ არა აშშ-ის არჩევნების შედეგები ირანს დამატებით ბერკეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან?

– ჩემი შეფასებით, თეირანი გათვლას იმაზე აკეთებდა, რომ აშშ-ის არჩევნების შემდეგ ვაშინგტონის პოზიცია შეიძლება შეცვლილიყო. ამ ეტაპზე ირანს მოლაპარაკებისთვის შედარებით ხელსაყრელი ვითარება აქვს, თუმცა ჯერ არ ვიცით, როგორ იმოქმედებს ახალი კონგრესი და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ადმინისტრაცია.

აშშ-ს კვლავ აქვს ძლიერი სამხედრო ბერკეტები. ირანის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებმა შეიძლება ქვეყანაში ისედაც მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს. ამგვარ ნაბიჯს თავად ვაშინგტონისთვისაც სერიოზული ფასი ექნება: ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებასა და მძიმე სოციალურ კრიზისს შეიძლება რეგიონული უსაფრთხოებისთვის ხანგრძლივი შედეგები მოჰყვეს. ეს რისკიც სამხედრო ესკალაციას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

– ჰყავს თუ არა ამ ომს გამარჯვებული?

– თუ ირანის შიგნით ძალაუფლების განაწილებას შევხედავთ, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სამხედრო წრეებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა მოიგეს. მათი გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც გაიზარდა. ამ გავლენის შენარჩუნებისთვის ბრძოლა გაგრძელდება. თუ მომავალში ირანის ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება, ერთ-ერთი რეალისტური სცენარია, რომ ახალი ლიდერი სწორედ ამ წრეებიდან გამოჩნდეს.

ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა 

რესპონდენტი: ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი – ბაკო ხელაძე