საფრანგეთის ხელისუფლება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ქვეყნის მასშტაბით სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
France 24-ის ინფორმაციით, კიბერთავდასხმები 11–12 ოქტომბერს განხორციელდა და საფრანგეთში დაახლოებით 700 სავაჭრო ობიექტი დააზარალა. თავდამსხმელებმა სამაცივრე დანადგარების მუშაობა დისტანციურად დაარღვიეს, რის შედეგადაც მაცივრებში ტემპერატურა გაიზარდა. ზოგიერთ სუპერმარკეტს მალფუჭებადი პროდუქციის მთელი მარაგის განადგურება მოუწია.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ეს თავდასხმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განახორციელა“, – განაცხადა ბარომ პარიზში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში.
მისი შეფასებით, თავდასხმა უპრეცედენტო იყო როგორც მასშტაბით, ისე აგრესიულობის ხარისხით.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საბოტაჟის მიზნით განხორციელებული პირველი მასშტაბური კიბერთავდასხმა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ინტერესებსა და საფრანგეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – აღნიშნა მინისტრმა.
ბაროს განცხადებით, საფრანგეთი ევროკავშირის დონეზე სანქციების დაწესებას გეგმავს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც თავდასხმაზე პასუხისმგებელია.
როგორ განხორციელდა კიბერთავდასხმა?
პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული კიბერდანაყოფის, „შაჰიდ კავეჰის“, ხელმძღვანელისა და მისი ორი მოადგილის წინააღმდეგ.
პარიზის პროკურორის, ლორ ბეკუოს განცხადებით, გამოძიების მონაცემებით, თავდამსხმელებმა სამაცივრე მოწყობილობებზე კონტროლი ინტერნეტთან დაკავშირებული მართვის სისტემების საშუალებით მოიპოვეს.
ამის შემდეგ მათ დისტანციურად გაააქტიურეს ყინულის დნობის არასტანდარტული, განუსაზღვრელი ხანგრძლივობის ციკლები, რამაც მაცივრების ტემპერატურის მატება გამოიწვია.
ამავდროულად, გათიშეს უსაფრთხოების სიგნალიზაცია, რომელსაც ტემპერატურის დასაშვებ ზღვარზე გადაჭარბების შემთხვევაში განგაში უნდა აეტეხა.
პროკურატურის ცნობით, თავდასხმის ტექნიკურ კვალში ფიქსირდება სპარსული ენის გამოყენება და ირანის ტერიტორიაზე მდებარე მოწყობილობებთან დაკავშირებული IP-მისამართები.
მსგავსი შემთხვევები ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა
2 ნოემბერს სავარაუდო კიბერთავდასხმების შედეგად სამაცივრე სისტემების მუშაობა ევროპის სულ მცირე ცხრა სხვა ქვეყანაში მდებარე სასურსათო მაღაზიებშიც შეფერხდა.
ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ინციდენტები საფრანგეთში განხორციელებულ თავდასხმებს.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მომხდარზე რეაგირება მკაცრი უნდა იყოს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, პარიზში ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას ოფიციალური პროტესტი გამოუცხადეს.
„ჩვენ მივიღებთ ყველა აუცილებელ და პროპორციულ ზომას, საჯაროს თუ არასაჯაროს, რათა ვუპასუხოთ ამ ინციდენტს და შევაკავოთ ყველა, ვინც მსგავსი ქმედების გამეორებას შეეცდება“, – განაცხადა ბარომ.
წყარო: France 24