აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატარის პრემიერ-მინისტრთან, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისთან ირანის გარშემო შექმნილი ვითარება განიხილა. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დასრულების მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება, თუმცა შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოქმედებებისთვის მზად რჩება.
ტრამპის განცხადებით, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი და ქუვეითი რეგიონში არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას ემხრობიან, რაც ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადისა და ოპერაცია „რკინის კარიბჭის“ გაგრძელებას გულისხმობს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ოპერაცია ირანის წინააღმდეგ როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო მიმართულებით მოქმედი შეზღუდვების გაძლიერებას ითვალისწინებს.
ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების დაუშვებლობა ვაშინგტონის უცვლელი პოზიციაა.
მისივე განცხადებით, შეერთებული შტატები რეგიონში მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის სრულ მზადყოფნაშია, თუმცა ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განახლების აუცილებლობას ვერ ხედავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ კონფლიქტის დასრულება რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება.
ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპმა განაცხადა, რომ კატარი და საუდის არაბეთი ირანთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულებას უჭერენ მხარს. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი ჯერჯერობით ირანის წინააღმდეგ მოქმედი საზღვაო ბლოკადის შენარჩუნებას გეგმავს.
ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია. თეირანი ბლოკადის შეწყვეტასა და სანქციების შემსუბუქებას მოითხოვს, ხოლო ვაშინგტონი ირანის მიერ წარმოდგენილ პირობებს არ ეთანხმება.
წყარო:
www.reuters.com
www.al-monitor.com
apnews.com
www.aa.com.tr