თბილისში, სანაპიროზე, გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.
უწყების ცნობით, შემთხვევა 11 ნოემბერს მოხდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ცოლ-ქმარს მათივე საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე პირი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებული 62 წლის მამაკაცია. სააგენტოს ცნობით, მან მოკლულ ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა თავად საცხოვრებელ ფართს არ ტოვებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი მამაკაცის ბინიდან გამოსახლებას გეგმავდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები გამთენიამდე მუშაობდნენ.
გამოძიება ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.