1846 წლის 16 ოქტომბერს, ბოსტონში, მასაჩუსეტსის საერთო საავადმყოფოში, მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საჯარო დემონსტრაცია გაიმართა. ქირურგმა ჯონ კოლინზ უორენმა პაციენტს ყბის მიდამოში ოპერაცია ჩაუტარა, მას შემდეგ, რაც სტომატოლოგმა უილიამ მორტონმა მას სპეციალური ნივთიერების ორთქლი შეასუნთქა. მიზანი იყო ის, რაც იმდროინდელ ქირურგიაში თითქმის წარმოუდგენლად მიაჩნდათ – ოპერაციის დროს ტკივილის შეგრძნების მნიშვნელოვნად შემცირება ან სრულად გაქრობა.
ეს იყო ანესთეზიის ერთ-ერთი პირველი ფართოდ ცნობილი საჯარო დემონსტრაცია, რომელმაც ქირურგიული პრაქტიკის გარდაქმნას დაუდო საფუძველი.
ოპერაცია, რომლის დროსაც პაციენტს ტკივილი უნდა დაევიწყებინა
XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქირურგიული ჩარევა პაციენტისთვის მძიმე ფიზიკურ გამოცდას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილის შემამსუბუქებელი სხვადასხვა საშუალება არსებობდა, ოპერაციის განმავლობაში ცნობიერებისა და ტკივილის შეგრძნების საიმედოდ გამოთიშვა ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა იყო.
1846 წლის ოქტომბერში ბოსტონელმა სტომატოლოგმა უილიამ მორტონმა ექიმებს შესთავაზა მეთოდი, რომელიც პაციენტს სპეციალური ორთქლის შესუნთქვით უგრძნობ მდგომარეობაში გადაიყვანდა.
16 ოქტომბერს ჩატარებული ოპერაციის დროს პაციენტი სრულად უძრავი არ ყოფილა. როგორც ექიმი ჰენრი ჯეიკობ ბიგელოუ მოგვიანებით სამედიცინო ჟურნალში აღწერდა, პაციენტი გარკვეულ ხმებს გამოსცემდა, ხოლო გონზე მოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ტკივილი იგრძნო, თუმცა ის მნიშვნელოვნად იყო შესუსტებული.
მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტმა ექიმების ყურადღება მიიპყრო. უკვე მომდევნო დღეს სხვა პაციენტზე ჩატარებული ოპერაციისას შედეგი უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ქირურგმა ჯორჯ ჰეივარდმა ქალს მკლავიდან საკმაოდ დიდი ცხიმოვანი სიმსივნე ამოკვეთა. ოპერაცია დაახლოებით ოთხიდან ხუთ წუთამდე გაგრძელდა. პაციენტმა მოგვიანებით განაცხადა, რომ არც ტკივილი უგრძნია და არც ის იცოდა, რა ხდებოდა მის გარშემო.
პაციენტები, რომლებიც ოპერაციის დროს სიზმრებს ხედავდნენ
ახალი მეთოდის შესასწავლად ბიგელოუმ რამდენიმე სტომატოლოგიურ პროცედურასაც დააკვირდა.
ერთ-ერთი პაციენტი 16 წლის ბიჭი იყო, რომელსაც ,,ეთერის ორთქლის” შესუნთქვის შემდეგ კბილი ამოუღეს. გონზე მოსულმა განაცხადა, რომ შესანიშნავი სიზმარი ნახა, რომელშიც ნაპოლეონი ესიზმრებოდა, ხოლო ოპერაციის დროს ტკივილი არ უგრძნია.
იმავე ასაკის გოგონამაც კბილის ამოღების შემდეგ აღნიშნა, რომ სასიამოვნო სიზმარს ხედავდა და პროცედურის შესახებ არაფერი ახსოვდა.
კიდევ უფრო უჩვეულო აღმოჩნდა 12 წლის ბიჭის რეაქცია. მან პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სახალისო გამოცდილება იყო და კიდევ ერთი კბილის ამოღება მოითხოვა.
ბიგელოუს დაკვირვებით, პაციენტები ზოგჯერ ტკივილის გამომხატველ მოძრაობებს აკეთებდნენ, თუმცა გამოფხიზლების შემდეგ პროცედურა არ ახსოვდათ ან ტკივილის შეგრძნებას უარყოფდნენ.
ამგვარმა შემთხვევებმა აჩვენა, რომ ანესთეზიით შესაძლებელი იყო ცნობიერებისა და ტკივილის აღქმის დროებითი ცვლილება.
აღმოჩენა, რომელსაც საფრთხეებიც ახლდა
ახალი მეთოდი თავიდანვე სრულყოფილი არ ყოფილა.
ზოგიერთ პაციენტზე ,,ეთერი” სათანადოდ არ მოქმედებდა. სხვებს აღენიშნებოდათ ხველა, გულისრევა, აგზნება ან ხანგრძლივი ძილიანობა.
ბიგელოუ განსაკუთრებით საგანგაშო შემთხვევასაც აღწერდა, როდესაც ერთ-ერთი ოპერაციის დროს პაციენტს ორთქლი ხანგრძლივად შეასუნთქეს. მას პულსი დაუუსუსტდა, სუნთქვა შეუნელდა და ცნობიერების აღდგენას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა.
ამ დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ნივთიერების მოქმედება დამოკიდებული იყო შესუნთქვის ხანგრძლივობასა და ინდივიდუალურ რეაქციაზე.
ბიგელოუს შეფასებით, იმ ეტაპზე მეთოდი განსაკუთრებით გამოსადეგი ჩანდა ხანმოკლე ქირურგიული ჩარევებისთვის, მათ შორის კბილის ამოღებისა და ამპუტაციისთვის.
ამპუტაცია ტკივილის შეგრძნების გარეშე
1846 წლის 7 ნოემბერს მასაჩუსეტსის საერთო საავადმყოფოში ახალი მეთოდი გაცილებით მძიმე ოპერაციის დროს გამოიყენეს.
ქირურგმა ჯორჯ ჰეივარდმა ახალგაზრდა ქალს მარჯვენა ფეხი მუხლის ზემოთ მოკვეთა. პაციენტს წინასწარ ეთერის შემცველი ორთქლი შეასუნთქეს და დაახლოებით ხუთ წუთში მან ცნობიერება დაკარგა.
გამოფხიზლების შემდეგ ქალს არ ახსოვდა ოპერაციის ძირითადი ნაწილი. ბიგელოუს ცნობით, პაციენტმა ისიც კი ვერ თქვა, ჰქონდა თუ არა ფეხი მოკვეთილი.
ექიმისთვის ეს შემთხვევა ახალი მეთოდის პრაქტიკული მნიშვნელობის ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულება იყო.
ვინ იმსახურებდა აღმოჩენის ავტორობას?
,,ეთერის ანესთეზიის” გავრცელებასთან ერთად გაჩნდა კითხვა – ვის ეკუთვნოდა ამ მეთოდის დანერგვის დამსახურება?
ბიგელოუს 1846 წლის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ გამოგონებასთან დაკავშირებულ პატენტში ფიგურირებდნენ სტომატოლოგი უილიამ მორტონი და ქიმიკოსი ჩარლზ თომას ჯექსონი.
მეთოდის კომერციულმა დაცვამ ეთიკური კითხვებიც წარმოშვა. რამდენად მართებული იყო ადამიანის ტანჯვის შემამსუბუქებელი სამედიცინო საშუალების გამოყენების შეზღუდვა პატენტით?
ბიგელოუ აღნიშნავდა, რომ სამედიცინო აღმოჩენები, რომლებიც ადამიანების კეთილდღეობას ემსახურება, ჩვეულებრივ განსაკუთრებულ საზოგადოებრივ მნიშვნელობას იძენს. ამავე დროს, მისი აზრით, ახალი ნივთიერების არასაკმარისად შესწავლილი მოქმედება გარკვეულ კონტროლს საჭიროებდა.
მნიშვნელოვანია, რომ ეთერის გამოყენების ისტორია მხოლოდ მორტონით არ იწყება. მის საჯარო დემონსტრაციამდე სხვა ექიმებსაც ჰქონდათ ანესთეზიის გამოყენების გამოცდილება. თუმცა სწორედ ბოსტონში ჩატარებულმა ოპერაციებმა და მათ შესახებ გავრცელებულმა სამედიცინო ცნობებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეთოდის საერთაშორისო აღიარებაში.
როგორ შეიცვალა მედიცინა
1846 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ბიგელოუ ვარაუდობდა, რომ ახალი მეთოდი შეიძლებოდა გამოყენებულიყო არა მხოლოდ კბილის ამოღებისა და ამპუტაციის დროს, არამედ სხვა მტკივნეული სამედიცინო პროცედურების შემთხვევაშიც.
იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებობდა თანამედროვე ანესთეზიოლოგიისთვის დამახასიათებელი მონიტორინგის, დოზირების და პაციენტის უსაფრთხოების სისტემები. მიუხედავად ამისა, ,,ეთერის ანესთეზიის” წარმატებულმა გამოყენებამ ქირურგებს გაცილებით რთული ჩარევების ჩატარების შესაძლებლობა გაუხსნა.
წყარო: nickalls.org