საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვა 13 ნოემბერს გაგრძელდა. დღევანდელი სხდომა კვლავ მოსამართლეთა შეკითხვებისა და მხარეთა პასუხების ეტაპზე მიმდინარეობდა. განხილვის ცენტრალური საკითხები იყო პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფარგლები, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების პერიოდში ჩადენილი დანაშაულების პარტიასთან შესაძლო კავშირი, საპროტესტო მოქმედებების კონსტიტუციურობა და სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხი.
სხდომა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობით დაიწყო. მოგვიანებით განხილვა შეეხო 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებსა და 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო მოქმედებებს. სასამართლოში გამოთქმულ პოზიციებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან.
მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების მოთხოვნა და სასამართლოს გადაწყვეტილება
სხდომის დასაწყისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის, ანა წითლიძის განმარტებით, მოთხოვნის საფუძველი წინა სხდომაზე მოსამართლის მიერ დასმული შეკითხვები, გამოთქმული შეფასებები და მხარის პასუხებზე მისი რეაქცია გახდა.
წითლიძის განცხადებით, აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ობიექტურ დამკვირვებელს შესაძლოა უქმნიდეს დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსამართლეს განსახილველი დავის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხზე წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა და განმარტა, რომ მოსამართლის მიერ კრიტიკული შეკითხვების დასმა თავისთავად არ მიუთითებს წინასწარ ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებაზე.
ნადარაიას განცხადებით, მოსამართლის მოვალეობაა, გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები და მხარეებს დაუსვას შეკითხვები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც შესაძლოა მწვავედ აღიქმებოდეს.
სასამართლოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა პოლიტიკური პარტია გარკვეულ პასუხისმგებლობას. მისი განმარტებით, მსგავსი შეკითხვა მხარის პოზიციის გარკვევას ემსახურება და არა მოსამართლის მხრიდან პასუხისმგებლობის წინასწარ დადგენას.
„თუ შეკითხვა თავისი შინაარსით გამოიყურება მწვავედ და სასამართლო სვამს მწვავე შეკითხვას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს რაიმე მოსაზრება აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე მხარისთვის“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
მისივე თქმით, აცილების შუამდგომლობა ვერ გახდება მოსამართლისთვის საქმის ობიექტური გამოკვლევისთვის აუცილებელი შეკითხვების დასმის შეზღუდვის საფუძველი.
სახელმწიფო დანაშაულები და პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობის საკითხი
შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ევა გოცირიძემ განმარტა წინა სხდომაზე დასმული შეკითხვების სამართლებრივი საფუძვლები.
მისი განცხადებით, შეკითხვები ეხებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის ისეთ შემთხვევებს, რომლებზეც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენები არსებობს. მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მათი გამოძიების ვალდებულებასა და ხელისუფლების მხრიდან დამნაშავე პირების შესაძლო წახალისებაზე.
გოცირიძის განმარტებით, განხილვისთვის არსებითია იმის გარკვევა, სად გადის ზღვარი სახელმწიფოს პასუხისმგებლობასა და იმ პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობას შორის, რომელიც შესაბამის პერიოდში ხელისუფლებას ახორციელებდა.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების არსებობა და მათზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ავტომატურად არ წყვეტს პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობის საკითხს. სწორედ ამ კავშირის გამოკვლევას ემსახურებოდა მისი შეკითხვები.
„ჩვენი პირდაპირი განხილვის საკითხი ეს არის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები, რომელიც ხდებოდა, ამაში, არის თუ არა დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა“?“ – განაცხადა ევა გოცირიძემ.
მოსამართლის განმარტებას მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა. მხარეებს შორის მსჯელობა შეეხო დანაშაულის ჩამდენი პირების წახალისების, სახელმწიფო ინსტიტუტების მოქმედებებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ურთიერთმიმართებას.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენები და პროტესტის უფლება
სხდომის შემდგომ ნაწილში მოსამართლეთა შეკითხვები 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს შეეხო.
მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის შეკითხვაზე, რა პოზიცია ჰქონდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ იმ დღეს გამართული საპროტესტო აქციის მიმართ, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოს პარლამენტში გამოჩენის გაპროტესტების კონსტიტუციური უფლება ჰქონდათ.
მისი განმარტებით, ანტისაოკუპაციო პროტესტის მხარდაჭერა არ ნიშნავს ძალადობრივი ქმედებების მხარდაჭერას.
„არ გავემიჯნები მე აქციას, რომელიც არის ანტისაოკუპაციო“, – განაცხადა წითლიძემ.
სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, მოპასუხე მხარეს შეკითხვის დაზუსტებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ სასამართლოს აინტერესებდა არა მხოლოდ აქციის პოლიტიკური მიზნის შეფასება, არამედ კონკრეტული ძალადობრივი მოქმედებების მიმართ პარტიის დამოკიდებულებაც.
ამ საკითხზე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ პარტია მხარს უჭერს მშვიდობიან, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად განხორციელებულ საპროტესტო აქციებს.
2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენები და ადმინისტრაციული შენობების დაკავების საკითხი
დღევანდელი განხილვის ერთ-ერთ ყველაზე სადავო ეპიზოდად იქცა 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული შეკითხვები.
სასამართლოს თავმჯდომარის შეკითხვაზე, რას უჭერდა მხარს აღნიშნულ დღეს, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურად მიჩნევის პირობებში მოქალაქეებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ.
წითლიძის შეფასებით, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები პოლიტიკური ძალის მიერ არის მიტაცებული და მოქალაქეებს თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა არ აქვთ, მათ შეუძლიათ წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმას მიმართონ, მათ შორის ადმინისტრაციული შენობების დაკავებასაც.
ამასთან, მან საგანგებოდ განმარტა, რომ ეს იყო მისი პირადი პოზიცია და არა პოლიტიკური პარტიის ოფიციალური განცხადება.
„საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და დაიცვან საკუთარი კონსტიტუციური უფლება, მათ შორის, ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ. ეს არის ჩემი პასუხი და არა პარტიის“, – განაცხადა წითლიძემ.
არჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარის განცხადებები სარჩელის საფუძვლებს ადასტურებს
ანა წითლიძის განცხადებას სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
მისი შეფასებით, ადმინისტრაციული შენობების დაკავების უფლების შესახებ გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგო მოქმედებებს უჭერს მხარს.
გორდულაძემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების პოზიციებსა და მოქმედებებს უკავშირდება.
„დღეს, ნახევარი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“ და დაამტკიცა, რომ ისინი არაკონსტიტუციურები არიან“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, ადმინისტრაციულ შენობებში ძალადობრივი შეჭრის მხარდაჭერა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად უნდა შეფასდეს.
მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება და პასუხისმგებლობის შესახებ შიდაპოლიტიკური დისკუსია
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.
მისი განცხადების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა პარტიის წარმომადგენლების არგუმენტაციას, რომლის მიხედვითაც კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობისგან.
სააკაშვილმა კრიტიკულად შეაფასა ამგვარი დაცვის სტრატეგია და ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოში მიმდინარე განხილვის სამართლებრივი საფუძვლები.
მის განცხადებას არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა. გორდულაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების არგუმენტები წინააღმდეგობრივია, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების პარტიულ საქმიანობასთან კავშირის საკითხში.
მმართველი გუნდის წარმომადგენელმა შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარე ერთმანეთისგან მიჯნავს ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მოქმედებებსა და პოლიტიკური პარტიის ორგანიზაციულ პასუხისმგებლობას.
მმართველი გუნდის შეფასებები: ისტორიული პასუხისმგებლობა და სისტემური დარღვევების საკითხი
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.
პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პოზიციები შეადარა ნიურნბერგის პროცესზე წარმოდგენილ დაცვის არგუმენტებს და განაცხადა, რომ წარსულში ჩადენილი სისტემური დანაშაულების ცალკეულ გადაცდომებად წარმოჩენა პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა.
მისი განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში უკვე ასახულია საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში წარსულში არსებული სისტემური დარღვევები.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვას არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.
„მნიშვნელოვანი და კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები არის არამხოლოდ სამართლებრივი პროცესი, არამედ საზოგადოებისთვის პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის კიდევ ერთი შესაძლებლობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი შეფასება გააკეთა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამოსვლებში არ ჩანს წარსულში მომხდარი დარღვევების გამო პასუხისმგებლობის აღიარება ან სინანული.
შარმანაშვილის შეფასებით, აღნიშნული გარემოება მიუთითებს მსგავსი მოქმედებების განმეორების შესაძლო საფრთხეზე.
ოპოზიციის შეფასება: მტკიცებულებების საკმარისობა და პოლიტიკური პლურალიზმი
მმართველი გუნდის პოზიციებისგან განსხვავებული შეფასება გააკეთა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ.
მისი განცხადებით, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნის დასასაბუთებლად.
გეგელიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელი რამდენიმე პოლიტიკურ გაერთიანებას ეხება, რომლებსაც არჩევნებში მნიშვნელოვანი რაოდენობის მოქალაქეებმა დაუჭირეს მხარი.
მისი შეფასებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი ვერ გადაწყდება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების, ინტერნეტბმულებისა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე მითითების საფუძველზე, თუ ისინი სათანადო სამართლებრივ დასაბუთებას არ შეიცავს.
„ეს არის სასამართლო და მათ მოუწევთ არგუმენტირებულად ისაუბრონ“, – განაცხადა გეგელიამ.
ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სასამართლოს საქმიანობის საბოლოო პოლიტიკურ შეფასებას პროცესის დასრულებამდე თავს არიდებს.
საქმის სამართლებრივი მნიშვნელობა და შემდგომი განხილვა
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი განიხილავს.
სარჩელს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის 88 დეპუტატი. მოსარჩელე მხარე ითხოვს ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას. ესენია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.