საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა პირდაპირ უკავშირდება საფრანგეთისა და ევროპის უსაფრთხოებას. მისი თქმით, თუ რუსეთი ძალის გამოყენებით შეძლებს საკუთარი ნების თავს მოხვევას რომელიმე ევროპული სახელმწიფოსთვის, ეს მთელ კონტინენტს დაასუსტებს.

ამის შესახებ მაკრონმა საფრანგეთის მოქალაქეებისადმი გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომელშიც დუბლინში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტისა და ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შედეგები შეაჯამა.

„ის, რაც უკრაინაში ხდება, უშუალოდ ჩვენ გვეხება. საუბარია თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებაზე. უკრაინის დახმარება საკუთარი თავის დაცვაში ნიშნავს საფრანგეთისა და ფრანგების დაცვას“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის მხარდაჭერის ორი მთავარი პრიორიტეტი გამოყო: ქვეყნის დახმარება ზამთრის პერიოდში და სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის მიღწევა.

„პუტინს მოლაპარაკება არ სურს“

მაკრონის განცხადებით, ამერიკელ წარმომადგენლებთან ბოლო კონტაქტებმა აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.

„ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკება არ სურს. მისი არმია წინ ვერ მიიწევს. მეტიც, უკან იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისი შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, უკრაინა ზამთრის განმავლობაში სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გააქტიურებით აიძულოს დათმობებზე წასვლა.

მაკრონის თქმით, ევროპის პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას ამ სტრატეგიის წარმატება.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ფინანსური მხარდაჭერა და დავეხმაროთ უკრაინას მოსახლეობის, ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის ქსელების დაცვაში“, – განაცხადა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინისთვის დახმარების შემცირება ქვეყანას უსამართლო მშვიდობის მიღებისკენ უბიძგებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის უსაფრთხოებასაც დააზიანებს.

„ეს დამარცხების სულისკვეთებაა. ეს მომავალი ომის რეცეპტია. ასეთი არ შეიძლება იყოს საფრანგეთის პოზიცია“, – აღნიშნა მაკრონმა.

ევროპის უსაფრთხოების საკითხზე 42 ქვეყანა შეთანხმდა

მაკრონის განცხადებით, დუბლინში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საფრანგეთის ინიციატივით 42-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების ახალი ჩარჩოს ჩამოსაყალიბებლად.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ე.წ. მსურველთა კოალიციის საქმიანობაზე, რომელიც 2025 წლის დასაწყისში უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების მოსამზადებლად შეიქმნა.

მაკრონის განმარტებით, წლის დასაწყისში პარიზში მიღებული დეკლარაცია ითვალისწინებს უკრაინის არმიის მხარდაჭერას და მრავალეროვნული ძალების მომზადებას, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა უკრაინაში განლაგდნენ.

მისივე ინფორმაციით, პოლონეთში ამჟამად სამხედრო სწავლება მიმდინარეობს, რომლის მიზანია აჩვენოს, რომ მონაწილე ქვეყნები ამ პროცესში ჩასართავად მზად არიან.

მაკრონმა აღნიშნა, რომ კოალიციის წევრები მომდევნო ხუთშაბათს ბერლინში შეიკრიბებიან, რათა უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა გააგრძელონ.

„უკრაინას ნატოში თავისი ადგილი აქვს“

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპულმა სახელმწიფოებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, როგორი უსაფრთხოების სისტემა სურთ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ და რა როლს ელიან შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„ახლა უფრო შორს უნდა წავიდეთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, მათ შორის რუსებისთვისაც, რა გვინდა ომის შემდეგ. ასევე უნდა დავაზუსტოთ, რას ველით შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოების საკითხში“, – განაცხადა მაკრონმა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებსა და ნატოსთან ურთიერთობაზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციური არმია ჰყავს, ნატოსთან ერთად საკვანძო როლი აქვს შესასრულებელი. ამ ალიანსში მას თავისი ადგილი აქვს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის თქმით, საბოლოო მიზანია უკრაინისთვის სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მიღწევა, რის შემდეგაც ევროპამ საერთო უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაზე უნდა გააგრძელოს მუშაობა.

„სწორედ ასე შევძლებთ უკრაინელების, ფრანგებისა და ყველა ევროპელის გრძელვადიან დაცვას“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.