მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე არსებული არასტაბილურობის ფონზე, ინვესტორებისთვის კაპიტალის დაცვის საიმედო საშუალებების მოძიება სულ უფრო რთული ხდება. აქტივები, რომლებიც ტრადიციულად ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კრიზისების დროს უსაფრთხო თავშესაფრად მიიჩნეოდა, ყოველთვის ვეღარ უზრუნველყოფს დანაკარგებისგან დაცვას.
ამის შესახებ Reuters-ი ფინანსური ბაზრების ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.
ნოემბერში საფონდო ბირჟებზე ფასების შემცირებისას ინვესტორებმა კვლავ მიმართეს ტრადიციულად უსაფრთხოდ მიჩნეულ აქტივებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებსა და იაპონურ იენს. თუმცა ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ ფინანსური ბაზრების რყევების დროს ამ ინსტრუმენტების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე.
2025 წლის აპრილში აშშ-ის სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ აქციების მასობრივი გაყიდვა გამოიწვია, თუმცა ამერიკის სახელმწიფო ობლიგაციებმა ინვესტორებს ჩვეულებრივი დაცვა ვერ შესთავაზა. აქციებთან ერთად შემცირდა გრძელვადიანი ობლიგაციების ფასებიც, ხოლო ათწლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა მკვეთრად გაიზარდა.
მსგავსი ტენდენცია გამოვლინდა 2026 წლის 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის დაწყების შემდეგაც. ნავთობის ფასების ზრდამ ინფლაციური მოლოდინები გააძლიერა, რასაც სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის მატება მოჰყვა.
არასტაბილურობა დაფიქსირდა ოქროს ბაზარზეც. ოქტომბრის ბოლოს ოქროს ფასი აქციებთან ერთად შემცირდა და ერთწლიან მინიმუმს მიაღწია.
რატომ ვეღარ უზრუნველყოფს სახელმწიფო ობლიგაციები სრულ დაცვას?
აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიკვიდურ და უსაფრთხო ფინანსურ ინსტრუმენტად მიიჩნევა. ისტორიულად, საფონდო ბაზრების ვარდნის დროს ინვესტორები ხშირად სწორედ ამ აქტივებს მიმართავდნენ.
თუმცა ექსპერტების შეფასებით, ინფლაციური რისკებისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირობებში სახელმწიფო ობლიგაციებისა და აქციების ფასები შესაძლოა ერთდროულად შემცირდეს.
FHN Financial-ის მაკროეკონომიკური სტრატეგის, უილ კომპერნოლის განცხადებით, გასულ წელს აშშ-ის სავაჭრო ტარიფების შესახებ განცხადებებით გამოწვეული არასტაბილურობა ართულებს იმის შეფასებას, რამდენად დაკარგეს ამერიკულმა სახელმწიფო ობლიგაციებმა ინვესტორებისთვის მიმზიდველობა.
მისი თქმით, მიუხედავად ბაზარზე გავრცელებული მოსაზრებებისა, თითქოს ინვესტორები ამერიკული აქტივებისგან მასობრივად თავისუფლდებოდნენ, საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობის მონაცემებში მსგავსი ტენდენცია მკაფიოდ არ გამოვლენილა.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ობლიგაციები კვლავ ინარჩუნებს უსაფრთხო აქტივის სტატუსს, თუმცა მათი ეფექტიანობა კონკრეტულ ეკონომიკურ გარემოზეა დამოკიდებული.
„როდესაც ბაზარზე რისკებისგან თავის არიდების განწყობა ჭარბობს, სახელმწიფო ობლიგაციები მიმზიდველია. მაგრამ თუ საფრთხე ინფლაციას ან გეოპოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირდება, უსაფრთხო აქტივების რაოდენობა ძალიან მცირეა“, – განმარტავს კომპერნოლი.
დიუკის უნივერსიტეტის ფინანსების პროფესორი კემპბელ ჰარვი აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებს კვლავ მსოფლიო ფინანსური სისტემის ერთ-ერთ მთავარ უსაფრთხო ინსტრუმენტად მიიჩნევს.
თუმცა მისი შეფასებით, ბოლო წლებში აქციებისა და ობლიგაციების ფასები უფრო ხშირად მოძრაობს ერთი მიმართულებით, რაც საინვესტიციო პორტფელების დივერსიფიკაციის ეფექტიანობას ამცირებს.
განსაკუთრებით დაზარალდა ტრადიციული საინვესტიციო მოდელი, რომელიც კაპიტალის 60%-ის აქციებში, ხოლო 40%-ის ობლიგაციებში განთავსებას გულისხმობს.
ჰარვი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის სახელმწიფო ვალის მასშტაბზეც. მისი მონაცემებით, ქვეყნის ვალი 40 ტრილიონ დოლარს აღწევს, წლიური საბიუჯეტო დეფიციტი დაახლოებით 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ვალის მომსახურებისთვის პროცენტის სახით ყოველწლიურად 1.1 ტრილიონი დოლარი იხარჯება.
ექსპერტის შეფასებით, ეს გარემოებები სახელმწიფო ობლიგაციებთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.
ოქრო – გრძელვადიანი უსაფრთხოება და მოკლევადიანი რისკები
ოქრო ისტორიულად კაპიტალის ღირებულების შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად მიიჩნევა, განსაკუთრებით ინფლაციის, ფინანსური კრიზისებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში.
თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ოქროს უსაფრთხო აქტივად შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა საინვესტიციო პერიოდს აქვს.
კემპბელ ჰარვის განცხადებით, ოქრო ღირებულების შენარჩუნების საიმედო საშუალებაა უკიდურესად გრძელვადიან, საუკუნეების მასშტაბის პერიოდში, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში მისი ფასი შეიძლება მკვეთრად მერყეობდეს.
მისი მონაცემებით, ოქროს წლიური ფასობრივი მერყეობა 15%-ს აღემატება, რაც დაახლოებით S&P 500-ის საფონდო ინდექსის შესაბამის მაჩვენებელს უტოლდება.
მიუხედავად იმისა, რომ სამიდან ხუთ წლამდე პერიოდებში ოქროსა და აქციების ფასებს შორის კავშირი საშუალოდ ნულთან ახლოსაა, მოკლე მონაკვეთებში მათი ფასები შესაძლოა ერთდროულად შემცირდეს.
Standard Chartered-ის სასაქონლო ბაზრების კვლევის გლობალური ხელმძღვანელის, სუკი კუპერის შეფასებით, ოქროს როლი საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში მნიშვნელოვნად შეიცვალა.
მისი თქმით, ინვესტორები ოქროს სულ უფრო ხშირად განიხილავენ როგორც მაღალი ლიკვიდობის აქტივს, რომლის სწრაფად გაყიდვაც კრიზისულ ვითარებაში შესაძლებელია.
შესაბამისად, როდესაც აქციების მკვეთრი ვარდნის გამო ინვესტორებს დამატებითი უზრუნველყოფის შეტანა ან ფინანსური ვალდებულებების შესრულება უწევთ, ისინი შესაძლოა სწორედ ოქროს გაყიდვას მიმართავდნენ.
ეს გარემოება ხსნის, რატომ შეიძლება ოქროს ფასი შემცირდეს მაშინაც, როდესაც ფინანსურ ბაზრებზე გაურკვევლობა იზრდება.
მიუხედავად მოკლევადიანი რისკებისა, ექსპერტები ოქროს გრძელვადიანი მოთხოვნის მნიშვნელოვან ფაქტორებად ცენტრალური ბანკების მიერ აქტივის მასშტაბურ შესყიდვებს, გლობალური ვალის ზრდას, დოლარზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობებსა და ეროვნული ვალუტების გაუფასურების საფრთხეებს ასახელებენ.
რომელი ვალუტა შეიძლება იყოს უსაფრთხო თავშესაფარი?
ფინანსური ბაზრების არასტაბილურობის პირობებში ინვესტორები ხშირად მიმართავენ ისეთ ვალუტებს, როგორებიცაა აშშ-ის დოლარი, შვეიცარიული ფრანკი და იაპონური იენი.
თუმცა Standard Chartered-ის G10 ვალუტების კვლევის გლობალური ხელმძღვანელის, სტივ ენგლენდერის შეფასებით, თითოეულ მათგანს საკუთარი შეზღუდვები აქვს.
შვეიცარიული ფრანკი შედარებით ძვირად შეფასებულ ვალუტად მიიჩნევა, ხოლო ევროს მიმზიდველობაზე პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები მოქმედებს.
ბრიტანულ ფუნტს ბოლო პერიოდში შედარებით კარგი შედეგები ჰქონდა, თუმცა ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებულ გაურკვევლობაზე.
იაპონური იენის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ნავთობის საერთაშორისო ფასი. ვინაიდან იაპონია ენერგორესურსების იმპორტზეა დამოკიდებული, ნავთობის გაძვირებამ შესაძლოა იენის, როგორც უსაფრთხო აქტივის, მიმზიდველობა შეამციროს.
ენგლენდერის შეფასებით, აშშ-ის დოლარი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ალტერნატივად რჩება.
მისი თქმით, ინვესტორებს შეუძლიათ კაპიტალი აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებში განათავსონ, მიიღონ დაახლოებით 4.5%-იანი საპროცენტო შემოსავალი და ბაზრების დასტაბილურების შემდეგ სხვა საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღონ.
ამ თვალსაზრისით, დოლარი და აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციები, არსებული რისკების მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან უპირატესობას სხვა აქტივებთან შედარებით.
ექსპერტები საინვესტიციო პორტფელების დივერსიფიკაციას უსვამენ ხაზს
ფინანსური ბაზრების სპეციალისტების შეფასებით, თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში არ არსებობს ერთი უნივერსალური აქტივი, რომელიც ინვესტორებს ყველა ტიპის კრიზისისგან დაიცავს.
კემპბელ ჰარვის განცხადებით, თავდაცვითი საინვესტიციო სტრატეგია რამდენიმე განსხვავებული ინსტრუმენტის კომბინაციას უნდა ეფუძნებოდეს.
ასეთ აქტივებს შორის იგი ასახელებს ოქროს, სახელმწიფო ობლიგაციებს, ინფლაციაზე ინდექსირებულ ფასიან ქაღალდებს, სასაქონლო აქტივებსა და სხვა რეალურ აქტივებს.
გარდა ამისა, ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს აქტიურ საინვესტიციო სტრატეგიებზე, რომლებიც მაღალი ხარისხის კომპანიებში ინვესტირებასა და შედარებით სუსტი კომპანიების აქციების წინააღმდეგ პოზიციების დაკავებას გულისხმობს.
მისი შეფასებით, გარკვეულ საბაზრო პირობებში ეფექტიანი შეიძლება იყოს ფასების ტენდენციებზე დაფუძნებული საინვესტიციო სტრატეგიებიც.
თუმცა არც ერთი ეს მიდგომა დამოუკიდებლად არ იძლევა კაპიტალის დაცვის გარანტიას.
ექსპერტების საერთო შეფასებით, ფინანსურ ბაზრებზე უსაფრთხოება სულ უფრო მეტად დამოკიდებულია არა ერთი კონკრეტული აქტივის შერჩევაზე, არამედ განსხვავებული რისკების გათვალისწინებით საინვესტიციო პორტფელის სწორად განაწილებაზე.
წყარო: Reuters