“ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: იუსტიციის სამინისტროს როლი მას შემდეგ, რაც ინფორმაცია საჯაროდ გახდა ცნობილი. როგორც კი ინფორმაცია გასაჯაროვდა, იმავე წუთს იყო მითითება გენინსპექციის მიმართ, რომ დაეწყოთ გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რას აცხადებდა პენიტენციური სამსახური, ჩვენ ვაწარმოებდით გამოძიებას, “ – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პატიმარ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხეში განხორციელებულ  ძალადობის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილი  ხელმძღვანელისა და სხვა პირების მიმართ ბრალის წაყენებას.

 მინისტრის განმარტებით, ამ საქმეში მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ის, რომ „მყისიერი, ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს ნებისმიერ დარღვევაზე, რაც სისტემაში მოხდება და ხელი შეუწყოს გამოძიების სწორად წარმართვას”.

„მოგეხსენებათ, რომ ეს ადამიანები დღეს არ არიან თანამდებობაზე, ხოლო რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეს უკვე პროკურატურის საქმეა. იმისთვის, რომ არ გაჩენილიყო რაიმე კითხვა, რომ იგივე უწყება იძიებს მისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხს, ეს საქმე გადავეცით პროკურატურას, რათა ობიექტურად წარიმართოს გამოძიება. დაველოდოთ შედეგებს. ამ ეტაპზე ვიცით, რომ მათ ბრალი წარედგინათ, მოვისმინეთ გარკვეული დეტალები, თუმცა, ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, სასამართლომ უნდა დაადგინოს, არიან ეს პირები დამნაშავეები, თუ – არა. ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სწორედ ის, რომ მყისიერი, ადეკვატური რეაქცია მქონდეს ნებისმიერ დარღვევაზე, რაც სისტემაში მოხდება და ხელი შევუწყო გამოძიების სწორად წარმართვას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის  ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, რაც  შეეხებათ გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას, მათ  აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას  ედავება. რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.