აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მიმდინარე კვირაში უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გეგმავენ. მოლაპარაკებების მთავარი საკითხები უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები და ომისშემდგომი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იქნება.

ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Axios-ი აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, ბერლინში გაიმართება. მისი მიზანია უსაფრთხოების ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო სამომავლო სამხედრო თავდასხმების შეკავებას უზრუნველყოფს. პარალელურად, მხარეები უკრაინის ეკონომიკის აღდგენის გეგმებს განიხილავენ.

Axios-ის წყაროს ინფორმაციით, უიტკოფი და კუშნერი უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებთან რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებენ და ამავდროულად რუსულ მხარესთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ბერლინში დაგეგმილი შეხვედრის პარალელურად, 19 ნოემბერს, ჩინეთში დონალდ ტრამპის შეხვედრაა დაგეგმილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. Axios-ის ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრის ფარგლებში უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხის განხილვასაც გეგმავს.

ამერიკელი ოფიციალური პირის შეფასებით, ბერლინში დაგეგმილი მოლაპარაკებები და ტრამპის ვიზიტი ჩინეთში კოორდინირებული დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია.

წყაროს ინფორმაციით, უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროს სტივენ მილერს, რომლებიც ტრამპს ჩინეთში ახლდებიან.

Axios-ის ცნობით, გასულ ხუთშაბათს უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. ორშაბათს კი მათ რუსეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩეველ იური უშაკოვთან მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

ერთ-ერთ ძირითად საკითხად რჩება ევროპული სახელმწიფოების უშუალო მონაწილეობა რუსეთთან უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში.

გამოცემის ინფორმაციით, უიტკოფმა და კუშნერმა განაცხადეს, რომ რუსული მხარე მოლაპარაკებების პროცესში ევროპის მონაწილეობას დათანხმდა. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ მსგავსი შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა.