თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის (აქიაშვილის) მიმართ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტის გამო 2 500 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

ლაშა ნაცვლიშვილი სასამართლო სხდომას არ დასწრებია.

საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში იყო. უწყება ნაცვლიშვილს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ედავებოდა.

საქმის განხილვას წინ უძღოდა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების შესახებ.

მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. სასულიერო პირმა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალში საზოგადოებამ უკეთესი ხელისუფლება უნდა აირჩიოს.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში ეროვნული ინტერესები სათანადოდ არ არის წარმოდგენილი. მიტროპოლიტმა ხელისუფლება ასევე „ურწმუნოდ“ მოიხსენია.

აღნიშნულ განცხადებებს საჯარო გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის იყო ლაშა ნაცვლიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც ადმინისტრაციული სამართალწარმოების საფუძველი გახდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაცვლიშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500 ლარის ჯარიმა დაეკისრა.