შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის მკვლელობა განიზრახა.

უწყების ცნობით, ბრალდებული დანაშაულებრივი განზრახვის განსახორციელებლად ნაცნობ პირს დაუკავშირდა და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ნაცნობ პირს უკავშირდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავება ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განხორციელდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს და სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.