აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი   აცხადებს,  რომ უკრაინაში ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მუშაობა გრძელდება.   კუშნერის თქმით,  აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, იური უშაკოვს ესაუბრა. მხარეებმა სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.  კუშნერის განცხადებით, გაიმართა ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი უკრაინისა და ევროპელი პარტნიორების მონაწილეობითაც. მისივე თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის ხელშეწყობა იყო.  „ჩვენ ვალდებული ვართ, დავასრულოთ ომი უკრაინაში და ის უდიდესი ადამიანური ტანჯვა, რომელიც ამ ომმა გამოიწვია.  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი, მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობას, ჩვენ კი სრულად ვართ  ერთგული, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ამ მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. “  –  წერს კუშნერი. აშშ-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, მხარეებმა მომდევნო მრავალმხრივი შეხვედრის დღის წესრიგზეც დაიწყეს მუშაობა. შეხვედრის გამართვა უახლოეს მომავალში იგეგმება.   „ჩვენი დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ფუნდამენტური კითხვა იყო: როგორ  დავასრულოთ ეს საშინელი ომი და შევქმნათ ომის შემდგომი უსაფრთხოების ისეთი მექანიზმები, რომლებიც მომავალში ახალი ომების ალბათობას შეამცირებს? ნატო ევროპის  უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენად დარჩება. ჩვენი მიზანია, დავეყრდნოთ ევროპაში უკვე არსებულ ინსტიტუტებსა და შეთანხმებებს და გავაძლიეროთ უსაფრთხოების ვალდებულებები, კომუნიკაცია, გამჭვირვალობა და ესკალაციის განმუხტვის მექანიზმები, რათა   მიღწეული მშვიდობა ხანგრძლივი იყოს. როდესაც მე და სტივმა ერთი წლის წინ ეს სამუშაო დავიწყეთ, წარმატებულ შედეგად განვსაზღვრეთ სუვერენული, უსაფრთხო და ეკონომიკურად აყვავებული უკრაინა, რომელსაც საკუთარი მომავლის განსაზღვრის თავისუფლება ექნებოდა. გასული წლის განმავლობაში უკრაინასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ამ ხედვის განხორციელების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ეს პროგრესი სამ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც უკრაინას მომავალში შესაძლო აგრესიისგან დაიცავს, ევროკავშირში გაწევრიანების გზა, რომელიც  უკრაინის გრძელვადიან მომავალს ევროპას დაუკავშირებს და  ომის შემდგომი კეთილდღეობის ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა მხარეებთან თანამშრომლობით შემუშავდა და მიზნად ისახავს უკრაინის ფინანსური სტაბილურობის, აღდგენის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. ამ ელემენტების ერთობლიობას შეუძლია, უკრაინას მისცეს ძალა, უსაფრთხოება, თავისუფლება და თავდაჯერებულობა, რათა რუსეთთან მოლაპარაკებებში დარჩენილი რთული საკითხები განიხილოს და საკუთარი ხალხისთვის უკეთესი მომავალი შექმნას“, – წერს კუშნერი.  მისი  თქმით, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას როგორც რუსეთი, ისე უკრაინა უნდა დაეთანხმონ.  კუშნერის  განცხადებით, მიუხედავად მხარეებს შორის არსებული უთანხმოებებისა, დახურულ ფორმატში მიმდინარე სერიოზული მოლაპარაკებების დროს პოზიტიური და კონსტრუქციული წინადადებები ჩნდება, რაც შესაძლო  გადაწყვეტილებების მოძიებასა და დარჩენილი უთანხმოებების შემცირებას უწყობს ხელს. წერს კუშნერი.