რა მნიშვნელობა აქვს ყირიმის ხიდს რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკისთვის და როგორ ცვლის ბრძოლის ხასიათს დრონებისა და სარაკეტო სისტემების გამოყენება? სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში აფასებს ხიდის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ფრონტზე არსებულ ვითარებასა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებს. საუბარი ასევე ეხება რუსეთის სამხედრო რესურსებსა და შესაძლო ტერიტორიული დათმობების შედეგებს.
— ყირიმის ხიდზე განმეორებითი დარტყმებისა და დაზიანების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ობიექტი რუსეთისთვის და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მის დაზიანებას სამხედრო მომარაგებაზე?
— ყირიმის ხიდს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური დატვირთვა აქვს, თუმცა მისი როლი ომის მიმდინარეობისას შეიცვალა.
რუსეთის მიერ აზოვის ზღვის სანაპიროზე სახმელეთო დერეფნის დაკავების შემდეგ ყირიმის მიმართულებით მომარაგება ამ გზითაც ხორციელდება. შესაბამისად, ხიდი ერთადერთი მარშრუტი აღარ არის.
ის გამოიყენება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულებით. ამიტომ მისი დაზიანება პრობლემებს ქმნის, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტს რუსეთის სამხედრო მომარაგებისთვის გადამწყვეტ მოვლენად ვერ შევაფასებთ.
ამავე დროს, ხიდზე დარტყმას მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს.
— რა შეიძლება ითქვას გამოყენებული საშუალებებისა და დაზიანების მასშტაბის შესახებ?
— გავრცელებული მასალების მიხედვით, ჩემი შეფასებით, შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო „ფლამინგოს“ ტიპის მძიმე ფრთოსანი რაკეტები. მათი საბრძოლო მუხტი მსგავსი კონსტრუქციისთვის მნიშვნელოვანი დაზიანების მიყენების შესაძლებლობას იძლევა.
თუმცა გამოყენებული რაკეტების რაოდენობასა და კონკრეტულ ტექნიკურ კონფიგურაციაზე საბოლოო დასკვნის გაკეთება მხოლოდ გავრცელებული კადრებით რთულია.
თუ დაზიანება მართლაც იმ მასშტაბისაა, როგორსაც არსებული მასალები აჩვენებს, აღდგენა ხანგრძლივ და რთულ სამუშაოებს მოითხოვს. განმეორებითი დარტყმების საფრთხე ამ პროცესს დამატებით გაართულებდა.
— ხიდი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი და დაცული ობიექტია. რას აჩვენებს მასზე დარტყმის შესაძლებლობა საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით?
— უნდა განვასხვაოთ ფართო ტერიტორიის საჰაერო თავდაცვა და კონკრეტული ობიექტის უშუალო დაცვა.
შორი მოქმედების სისტემები დიდ სივრცეს ფარავს, ხოლო უშუალოდ ობიექტთან ახლოს მოქმედი საფრთხეების წინააღმდეგ ახლო მოქმედების სისტემებიც გამოიყენება. რუსეთის შემთხვევაში ასეთ ამოცანებს, მათ შორის, „ტორისა“ და „პანცირის“ ტიპის სისტემები ასრულებს.
თუმცა არცერთი სისტემა სრულ დაცვას არ იძლევა. ეს მხოლოდ რუსულ შეიარაღებას არ ეხება – მსგავსი შეზღუდვა სხვა ქვეყნების სისტემებსაც აქვს.
დარტყმის შედეგზე შეიძლება გავლენას ახდენდეს მოულოდნელობა, ფრენის პროფილი და გამოყენებული საშუალების ტექნიკური თავისებურებები. კონკრეტულად ამ შემთხვევაში ამ ფაქტორების ზუსტი შეფასებისთვის მეტი ინფორმაციაა საჭირო.
— როგორ აფასებთ ფრონტზე არსებულ ვითარებას? რამდენად მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციები?
— ჩემი შეფასებით, მხარეებს ფართომასშტაბიანი მანევრული ოპერაციებისთვის საჭირო რესურსი შეზღუდული აქვთ. ამიტომ მნიშვნელოვანი ყურადღება მოწინააღმდეგის ზურგის გამოფიტვასა და ცალკეული სამიზნეების განადგურებაზეა გადატანილი.
დრონების მასობრივი გამოყენება ბრძოლის ხასიათს ცვლის. ცალკეული სამხედრო მოსამსახურე თუ ტექნიკის ერთეული შეიძლება დამოუკიდებელ სამიზნედ იქცეს.
ხერსონის მიმართულებითაც შეინიშნება მოძრაობები, თუმცა მხოლოდ ამ აქტივობიდან დიდი ოპერაციის მომზადების დასკვნას ვერ გამოვიტანთ. ასეთ მოქმედებებს ყურადღების გადატანისა და მოწინააღმდეგის ძალების შეკავების დანიშნულებაც შეიძლება ჰქონდეს.
— საუბარია უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების შესაძლო დათმობაზეც. სამხედრო თვალსაზრისით, რა მნიშვნელობა აქვს ამ ტერიტორიებს?
— განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დონეცკის ოლქში უკრაინის მიერ კონტროლირებადი მიმართულებები, მათ შორის სლოვიანსკის არეალი.
ჩემი შეფასებით, ამ ტერიტორიების დათმობა მხოლოდ დროებითი მშვიდობის მიღწევის სანაცვლოდ მძიმე სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა. რუსეთი მომავალი მოქმედებებისთვის უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
ტერიტორიის მნიშვნელობა მხოლოდ ფართობით არ იზომება. მნიშვნელოვანია თავდაცვითი პოზიციები, კომუნიკაციები და ის შესაძლებლობები, რომლებსაც მათი კონტროლი მხარეებს აძლევს.
— როგორ შეაფასებდით სცენარს, თუ ტერიტორიულ დათმობას უკრაინისთვის უსაფრთხოების უფრო ძლიერი გარანტიები დაუკავშირდებოდა?
— ასეთი სცენარის შეფასება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რეალური და ქმედითი იქნება გარანტიები. რამდენიმე წლით მოჩვენებითი სიმშვიდის მიღწევა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, თუ რუსეთს შემდგომი თავდასხმის შესაძლებლობა შეუნარჩუნდება.
არ მგონია, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ტერიტორიულ დათმობაზე მარტივად წავიდეს.
ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ უკრაინის საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები და საბრძოლო გამოცდილება. სახმელეთო ომის წარმოების თვალსაზრისით ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ტექნოლოგიურ მიმართულებებში პარტნიორების დახმარება სჭირდება.
— შეიარაღების რომელი მიმართულებით აქვს უკრაინას ყველაზე მწვავე საჭიროება?
— ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად კვლავ საჰაერო და განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა რჩება.
სახმელეთო თავდაცვაში უკრაინა ფართოდ იყენებს დრონებსა და რობოტიზებულ სისტემებს. ისინი მნიშვნელოვანია როგორც საბრძოლო მოქმედებებისთვის, ისე მომარაგებისა და დაჭრილების ევაკუაციისთვის.
თუმცა ეს შესაძლებლობები ბალისტიკური საფრთხისგან დაცვას ვერ ჩაანაცვლებს. ამისთვის შესაბამისი სისტემები და გადამჭრელი რაკეტებია საჭირო.
ევროპული დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ცალკეულ შესაძლებლობებში, მათ შორის „პატრიოტის“ სისტემებისთვის საჭირო შეიარაღების მიმართულებით, პრობლემა კვლავ მწვავეა.
— რამდენად სწრაფად შეძლებს უკრაინა საკუთარი ტექნოლოგიებით ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას?
— უკრაინა საკუთარ პროექტებზე მუშაობს, თუმცა რთული სარაკეტო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შექმნას დრო სჭირდება.
ეს არ არის ტექნოლოგია, რომელსაც მოკლე პერიოდში სრულყოფილ საბრძოლო საშუალებად აქცევ. საჭიროა გამოცდა, დახვეწა და შემდეგ საკმარისი რაოდენობით წარმოება.
ამიტომ პერსპექტიული პროექტების არსებობა არ ნიშნავს, რომ ისინი უკვე დღეს ცვლიან ფრონტზე მდგომარეობას. ჩემი შეფასებით, უკრაინისთვის პარტნიორების მასშტაბური და თანმიმდევრული სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა კვლავ აუცილებელია.
— რამდენად რეალურია შეფასება, რომ რუსეთის სამხედრო რესურსები მცირდება? ჩანს ეს ბრძოლის ველზე?
— რესურსების შემცირება ბუნებრივია – უსასრულო მარაგი არცერთ ქვეყანას არ აქვს. ეს ეხება როგორც ტექნიკის რაოდენობას, ისე მის ხარისხს.
რუსეთი იყენებდა საბჭოთა პერიოდში წარმოებულ და საცავებში შენახულ ტექნიკას. მისი ნაწილის აღდგენა სხვა მანქანებიდან მოხსნილი დეტალებით ხდებოდა. ასეთი რესურსიც თანდათან მცირდება.
თუმცა მარაგების შემცირება არ ნიშნავს, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას ვეღარ ახერხებს. ის ცვლის აქცენტებს და რესურსს სხვადასხვა მიმართულებაზე ანაწილებს, მათ შორის დრონებისა და რაკეტების წარმოებაზე.
— დრონების მასობრივი გამოყენება რამდენად ართულებს შეტევით ოპერაციებს?
— ძალებისა და ტექნიკის თავმოყრა ადვილად შესამჩნევი ხდება და დარტყმის რისკს ზრდის. ასეთ პირობებში მსხვილი შეტევითი ოპერაცია დიდ დანაკარგებსა და მნიშვნელოვან რესურსს უკავშირდება.
ამიტომ მხარეები ხშირად ცდილობენ მოწინააღმდეგის გამოფიტვას, მისი მომარაგების შეფერხებასა და ცალკეული დანაყოფების განადგურებას.
ზოგ შემთხვევაში თავდაცვაში გამოყენებულმა რესურსმა შეიძლება უფრო დიდი შედეგი მოიტანოს, ვიდრე იმავე რესურსით მცირე ტერიტორიის დასაკავებლად წამოწყებულმა შეტევამ.
— თუ ომი გამოფიტვაზეა ორიენტირებული, რა განსაზღვრავს მხარეთა შესაძლებლობებს?
— მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფრონტზე მყოფი ძალების მდგომარეობა, არამედ ზურგის გამძლეობაც – ინფრასტრუქტურა, მომარაგება და წარმოების შესაძლებლობები.
დრონებითა და რაკეტებით დარტყმები სწორედ ამ შესაძლებლობების შემცირებასაც ემსახურება. ამ მიმართულებით უკრაინას საკუთარი წარმოების განვითარება სჭირდება, თუმცა ახალი პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ იმ მასშტაბზე არ არის, რომ ომის მიმდინარეობაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს.
ამავე დროს, რუსეთის ბალისტიკური დარტყმებისგან თავდაცვა სერიოზულ გამოწვევად რჩება. ამიტომ სამხედრო დახმარების მოცულობასა და უწყვეტობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა
რესპონდენტი: გიგა ინაშვილი, სამხედრო ექსპერტი