რუმინეთში, 18 ნოემბრის ღამეს, ვრანჩის სეისმურ ზონაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. რუმინეთის გეოფიზიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 5,7 შეადგინა, ხოლო მისი კერა 120 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა (EMSC) მიწისძვრის მაგნიტუდა 5,3-ით შეაფასა, კერის სიღრმე კი 140 კილომეტრით განსაზღვრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბუზეუს ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 65 კილომეტრში, ხოლო ნერეუს სამხრეთ-დასავლეთით, 13 კილომეტრში მდებარეობდა.
რუმინელი სეისმოლოგების შეფასებით, ეს ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. შედარებისთვის, 2018 წლის ოქტომბერში ბუზეუს ოლქში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის შედეგად სამედიცინო დახმარება შვიდ ადამიანს დასჭირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა მათგანმა შენობიდან გასვლის მცდელობისას თავის ტრავმა მიიღო, ხოლო დანარჩენ ექვს ადამიანს პანიკური შეტევა აღენიშნებოდა.
რუმინეთის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის განცხადებით, შესაბამისი სამსახურების მიერ ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ მატერიალური ზიანი არ გამოვლენილა.
მიწისქვეშა ბიძგები რუმინეთის ფარგლებს გარეთაც იგრძნობოდა, მათ შორის მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში.
წყარო:
www.eurointegration.com.ua