თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ და ყველა მათგანი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული და დაშავებულებისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ოთხი ადამიანია ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ. ჩვენი მხრიდან ყურადღება და დაკვირვებაა ყველასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბავშვთან მიმართებაში. სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებებია. ყურადღების ქვეშ არის ყველა პაციენტი და იმის მიხედვით, როგორ განისაზღვრება თითოეულ მათგანთან მიმართებაში საჭიროება სამედიცინო დახმარების, ყველასთვის ეს იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე ინფორმაციის მიღებისთანავე გამოცხადდნენ.
შეგახსენებთ, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დილის საათებში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.