გასულ წელთან შედარებით, მომხმარებელთა მომართვა გაორმაგებულია – გადაწყვეტილებების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ სრულდება, – ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, გაზრდილია კომპანიების მიმართ დაკისრებული ჯარიმების მოცულობაც და ეს თანხა 300 000 ლარს აღემატება. „ჩვენ თუ შევხედავთ 2026 წლის 10 თვის მონაცემებს, გასულ წელთან მიმართებით გაორმაგებულია მომხმარებელთა მომართვა. ერთი მხრივ, ჩვენი აზრით, ეს უკავშირდება გაზრდილ ცნობიერებას და მეორე მხრივ, ეს არის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელთა 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ სრულდება. ძალიან საინტერესო სტანდარტები და გადაწყვეტილებები გვაქვს მიღებული მიმდინარე წელს. მაგალითად, ჩვენ გვქონდა ერთი კონკრეტული კომპანია და მომხმარებლის საჩივარი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ახდენდა მომხმარებლის ინფორმირებას, თუმცა გარკვეულ მომენტში ხელოვნურმა ინტელექტმა ვერ შეძლო მომხმარებლის სწორი ინფორმირება, მას ჰქონდა შეზღუდული კომუნიკაცია კომპანიასთან და ჩვენი გადაწყვეტილებით კომპანიას დაევალა აღნიშნული საკითხების გამოსწორება. ასე რომ, გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო “ქეისი”, რომელიც უკავშირდება იგივე მწვანე ეკონომიკის და მწვანე შენობების მიმართულებით გარკვეული საკითხების გადაჭრას და ასევე კონკრეტული ვაჭრობის პოზიციების გაუმჯობესებას, მარაგების მართვას, ფასდაკლებების საკითხების მართვას და ისეთ საკითხებს, რომელთანაც ყოველდღიურ შეხება აქვს ჩვენს მომხმარებელს. რაც შეეხება ჯარიმებს – წელს გაზრდილია დაკისრებული ჯარიმების მოცულობა. ის აღემატება 300 000 ლარს, წლის ბოლომდე სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. არის რამდენიმე მსხვილი კომპანია ონლაინ მომსახურების და სერვისების გაწევის სფეროში, სადაც ჩვენ მოგვიწია პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, ტაქსის მომსახურების სფეროში. აღნიშნულმა მიდგომებმა და დაჯარიმებებმა გამოიწვია საკმაოდ საჯარიმო სანქციების ზრდა,” – განაცხადა ლექვინაძემ.