შესაბამისმა სამსახურმა სამხარაულთან ერთად დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური – უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა,  ფონიჭალაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც აფეთქება მოხდა.   მისივე თქმით, თავიდან 90 ოჯახის მოთავსება იგეგმებოდა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის და მხოლოდ 28 ოჯახი განთავსდება. „ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა სამხარაულთან ერთად დაასრულა მთლიანად კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური – უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მაგის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი მთლიანად კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ. ჩვენ თავიდან გვქონდა მზაობა, რომ მთლიანად კორპუსის მაცხოვრებელი 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. მხოლოდ 28 ოჯახზე არის საუბარი. დაახლოებით 143 ადამიანია, რომლებთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროებში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული“,- აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 7 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.