ონლაინშეხვედრების დროს ყავის არომატის შეგრძნება მომავალში შესაძლოა რეალობად იქცეს. ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტისა და ჩინეთის ჭეძიანგის ლაბორატორიის მკვლევრებმა ავტომატიზებული სისტემა შეიმუშავეს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სუნს ამოიცნობს და შესაბამის არომატს დისტანციურად, მომხმარებლის ცხვირთან ახლოს გამოყოფს.
ახალი ტექნოლოგია ქიმიურ სენსორებს, მანქანური სწავლების ალგორითმებსა და სამაჯურის ან ყელსაბამის ფორმის მოწყობილობებს აერთიანებს.
როგორ მუშაობს სუნის გადაცემის ტექნოლოგია?
გამოსახულებისა და ხმისგან განსხვავებით, სუნის ციფრულ სივრცეში გადაცემა გაცილებით რთულ საინჟინრო ამოცანას წარმოადგენს. კამერები და მიკროფონები სინათლისა და ბგერის ტალღებს აფიქსირებენ, სუნის აღქმა კი ქიმიურ ნაერთებს უკავშირდება, რომელთა იდენტიფიცირება და შესაბამისი არომატის ფიზიკურად გამოყოფაა საჭირო.
მკვლევრების მიერ შექმნილი სისტემა მანქანური სწავლების ალგორითმების დახმარებით აქროლად ორგანულ ნაერთებს ამოიცნობს და შესაბამის კატეგორიებად აჯგუფებს.
მიღებული ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით სპეციალურ მოწყობილობას Scentivinic-ს გადაეცემა, რომელიც წინასწარ მოთავსებული მარაგიდან შესაბამის არომატს მომხმარებლის ცხვირთან ახლოს გამოყოფს.
რა შედეგები აჩვენა ექსპერიმენტმა?
ლაბორატორიულ კვლევაში 14 ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობდა. ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა ხუთი სხვადასხვა არომატი გამოსცადეს – ლუდის, ნამცხვრის, ყავის, ფორთოხლისა და წითელი ღვინის.
მონაწილეებმა ცალკეული სუნების ამოცნობა 73%-იანი სიზუსტით შეძლეს, ხოლო რამდენიმე არომატის კომბინაციის შემთხვევაში მაჩვენებელმა 71% შეადგინა.
სისტემის რეაგირების დრო სუნის სიგნალზე 0,6 წამი იყო, შედარებით რთული საკვები პროდუქტების იდენტიფიცირებას კი რამდენიმე წამი დასჭირდა.
ვირტუალური გარემო და გემოს შეგრძნება
მკვლევრებმა მოწყობილობის ისეთი ვერსიაც შექმნეს, რომელსაც არომატიზებული სითხეების გამოყოფა შეუძლია.
სამომავლოდ მსგავსი ტექნოლოგიის განვითარებამ შესაძლოა მომხმარებლებს ვირტუალურ გარემოში სასმლის შერჩევისა და შესაბამისი გემოს ფიზიკურად შეგრძნების შესაძლებლობა მისცეს.
თუმცა ამ ეტაპზე სისტემას ნებისმიერი სუნის დამოუკიდებლად შექმნა არ შეუძლია. მოწყობილობა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული და მასში მოთავსებული არომატების კატალოგიდან არჩევს შესაბამის სუნს.
ტექნოლოგიის გამოყენების პერსპექტივები
მეცნიერები ახალი სისტემის ლაბორატორიის გარეთ გამოცდასა და მისი შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავენ.
ტექნოლოგიას სამომავლოდ შესაძლოა გამოყენების ფართო სპექტრი ჰქონდეს, მათ შორის ვირტუალურ შეხვედრებში, ელექტრონულ კომერციაში, გასართობ ინდუსტრიასა და სენსორული აღქმის სამედიცინო კვლევებში.
ახალი მიდგომა ციფრულ გარემოში ადამიანის სენსორული გამოცდილების გაფართოების შესაძლებლობას ქმნის, სადაც გამოსახულებასა და ხმას შესაძლოა სუნისა და გემოს შეგრძნებაც დაემატოს.