ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის ცნობით, 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგი ჩაერთო.
„ჩვენთან 2 დაშავებული წევს. 11 წლის ბიჭი და 3 წლის გოგონა. მათი ფიზიკური მდგომარეობა, სასიცოცხლო პარამეტრები, ფსიქონევროლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში გახლავთ. ამ ეტაპზე მათ ჯანმრთელობას საფრთხე ნაკლებად ემუქრება, თუმცა დინამიკური კვლევები და შეფასება მუდმივად მიმდინარეობს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. ამ ეტაპზე ფსიქოლოგები ჩაერთნენ საქმეში“,- აღნიშნა კახაბერ ჭელიძემ „ინტერპრესნიუსთან“.
რაც შეეხება იმას, ახსოვს თუ არა 3 წლის გოგონას მომხდარი, კახაბერ ჭელიძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით დეტალები უცნობია.
„სათუთი სფეროა და გამოკითხვებით შესაძლებელია ძალიან დიდი ტრავმა მიაყენო, წარუშლელი ტრავმა ძალიან მძიმე შედეგებით. ამიტომ ჩვენ დეტალურ გამოკითხვებს ამ მიმართულებით არ ვაწარმოებთ, ეს ფსიქოლოგის საქმეა, ფსიქოლოგები ამ ეტაპზე ჩაერთნენ და ვნახოთ რა შედეგები ექნებათ. ამ წუთში მე ბევრს ვერაფერს ვისაუბრებ“,- აღნიშნა კახაბერ ჭელიძემ.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი – დაშავდა.