ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება მტკნარი წყლის რესურსებზე მოთხოვნას ზრდის და შესაძლოა გლობალური წყლის კრიზისის გამწვავებას შეუწყოს ხელი.
სამეცნიერო ჟურნალ Environmental Science & Technology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მსოფლიოში მოქმედი მონაცემთა ცენტრების დაახლოებით 25% ისეთ რეგიონებში მდებარეობს, სადაც წყლის დეფიციტი უკვე არსებობს.
რამდენ წყალს მოიხმარს მონაცემთა ცენტრები?
მკვლევრებმა მსოფლიოს მასშტაბით 9 347 მონაცემთა ცენტრი შეისწავლეს და მათი წყლის რესურსებზე დამოკიდებულება გააანალიზეს.
კვლევის თანახმად, ერთ მსხვილ მონაცემთა ცენტრს ყოველდღიურად შესაძლოა იმდენივე წყალი დასჭირდეს, რამდენსაც 50 ათასი მოსახლეობის მქონე ქალაქი მოიხმარს.
მონაცემთა ცენტრებში წყალი, ძირითადად, სერვერებისა და გამოთვლითი ინფრასტრუქტურის გაგრილებისთვის გამოიყენება. ხელოვნური ინტელექტის სისტემების გავრცელებასა და გამოთვლით სიმძლავრეებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იზრდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის რესურსებით უზრუნველყოფის საჭიროებაც.
კლიმატის ცვლილება და წყლის დეფიციტი
მეცნიერთა პროგნოზით, გლობალური ტემპერატურის 3 გრადუსით მატების სცენარის პირობებში, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში წყლის დეფიციტის მქონე რეგიონებში განთავსებული მონაცემთა ცენტრების წილი შესაძლოა 33%-მდე გაიზარდოს.
მკვლევრები ყურადღებას ამახვილებენ წყლის რესურსებზე კონკურენციის გაძლიერების საფრთხეზეც. მონაცემთა ცენტრების მზარდმა მოთხოვნამ შესაძლოა დამატებითი ზეწოლა მოახდინოს იმავე რესურსებზე, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა და სოფლის მეურნეობის სექტორი იყენებს.
რა შეიძლება გახდეს პრობლემის გადაჭრის გზა?
მეცნიერები ერთ-ერთ შესაძლო გამოსავლად გაწმენდილი ჩამდინარე წყლების გამოყენებასა და წყლის მოხმარების მარეგულირებელი მექანიზმების გამკაცრებას განიხილავენ.
კვლევის ავტორების შეფასებით, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ადგილობრივი წყლის რესურსების ხელმისაწვდომობასა და ეკოლოგიურ მდგრადობას.
ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის სწრაფი გაფართოების ფონზე, მონაცემთა ცენტრების გარემოზე ზემოქმედება სულ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ხდება. თუ აქამდე დისკუსია ძირითადად ელექტროენერგიის მოხმარებასა და ნახშირბადის ემისიებს უკავშირდებოდა, წყლის რესურსების მართვაც ციფრული ეკონომიკის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ყალიბდება.
წყარო: Environmental Science & Technology