“ რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. წინასწარი მონაცემებით, 100 რაკეტა და დაახლოებით 400 დრონი გამოიყენეს, “ – ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა განაცხადა. მისივე თქმით, მოწინააღმდეგის სტრატეგიულმა ავიაციამ Х-101 ტიპის რაკეტები გაუშვა, რომლებმაც უკრაინის დასავლეთ რეგიონებამდე მიაღწიეს, სადაც ისინი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს. “წინასწარი მონაცემებით, ჩამოგდებული რაკეტების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. სავარაუდოდ, ერთ-ერთმა რაკეტამ პოლონეთის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. ამ ინფორმაციის გადამოწმებაც მიმდინარეობს. Х-101 ტიპის რაკეტების გაშვებას რუსეთის სამხედრო ხომალდებიდან „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით განხორციელებული დარტყმებიც დაემატა. საერთო ჯამში, 80-მდე ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს”, – აღნიშნა იგნატმა. მისი თქმით, ფრთოსანი რაკეტების გარდა, ღამის განმავლობაში რუსეთმა დაახლოებით 20 ბალისტიკური რაკეტა და დაახლოებით 400 სხვადასხვა დრონი გაუშვა, რომელთაგან სულ მცირე 120 რეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი. შეგახსენებთ, რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე ღამით ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ხიდი დაზიანდა. დარტყმების შედეგად ასევე დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა “კიევვოდოკანალის“ სამი თანამშრომელი, რამდენიმე კი დაშავდა. ლვოვში, რკინიგზის სადგურის სალაროებზე დარტყმის შედეგად კი ორი ადამიანი დაიღუპა, ათი კი – დაშავდა.