იყო დრო, როცა მამაკაცის გარეგნობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საკუთარი თმა კი არა, პარიკი იყო. რაც უფრო დიდი, ხვეული და რთულად დამუშავებული იყო პარიკი, მით უფრო თვალსაჩინო შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მფლობელის სტატუსიც.

პარიკს საკმაოდ ძველი ისტორია აქვს. მას ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ და ის განსაკუთრებით მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს უკავშირდებოდა. თუმცა ევროპაში პარიკის მოდად ქცევა ბევრად მოგვიანებით დაიწყო.

XVII საუკუნეში საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ს თმა ნაადრევად შეთხელდა და მან პარიკის ტარება დაიწყო. მისმა ვაჟმა, ლუი XIV-მ, ეს პრაქტიკა კიდევ უფრო გაავრცელა. მეფის თმა ახალგაზრდობაშიც შესამჩნევი იყო, თუმცა მოგვიანებით მან დიდი, გრძელი და ხვეული პარიკების ტარება დაიწყო.

აქ პარიკი უბრალოდ გარეგნობის შესაცვლელ ნივთად აღარ დარჩა. ლუი XIV-ის კარზე ის ჩაცმულობისა და ეტიკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. დიდგვაროვნები მეფის სტილს ბაძავდნენ და პარიკი თანდათან ძალაუფლების, სიმდიდრისა და მაღალი წრის კუთვნილების ნიშნად იქცა. 

პარიკების ზომა და ფორმა იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ მათი ფასი და მოვლაც სტატუსის მაჩვენებელი იყო. დიდი პარიკების დამზადებას დიდი დრო და ძვირი მასალა სჭირდებოდა, ამიტომ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო დროთა განმავლობაში პარიკი უკვე ცალკე ინდუსტრიად იქცა.

ინგლისშიც მოდამ სწრაფად შეაღწია. 1660 წელს მეფე ჩარლზ II საფრანგეთიდან დაბრუნდა და მასთან ერთად დიდი პარიკებიც გავრცელდა ინგლისის სამეფო კარზე. შემდეგ მათი ტარება არა მხოლოდ არისტოკრატებმა, არამედ მოსამართლეებმა, ვაჭრებმა და სხვა მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებმაც დაიწყეს.

XVIII საუკუნეში პარიკებმა კიდევ უფრო უცნაური ფორმები მიიღო – მათ ხშირად თეთრი ფხვნილით პუდრავდნენ და ზოგჯერ იმდენად დიდი იყო, რომ ადამიანის მხრებსა და მკერდამდე ეშვებოდა.

მაგრამ მოდას თავისი დასასრულიც ჰქონდა. XVIII საუკუნის ბოლოს, განსაკუთრებით საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში, უზარმაზარი პარიკები ძველი არისტოკრატიული წესრიგის სიმბოლოდ აღიქმებოდა და მათი პოპულარობა სწრაფად შემცირდა.

დღეს პარიკი ძირითადად სხვა დანიშნულებით გვხვდება, თუმცა მისი ისტორია გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ერთი შეხედვით უბრალო აქსესუარი გარკვეული ეპოქის განმავლობაში სიმდიდრის, ძალაუფლებისა და სოციალური მდგომარეობის ნიშნად იქცეს.