21 ნოემბერს მოსკოვში, დანილოვის მონასტერში მდებარე საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას შეხვდა. დელეგაცია რუსეთის დედაქალაქში კირილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.
ინფორმაციას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
საქართველოს ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, იაკუტსკისა და ლენსკის მთავარეპისკოპოსი რომანი, პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი და სხვა სასულიერო პირები.
კირილმა საქართველოს ეკლესიის პოზიცია დადებითად შეაფასა
შეხვედრის დასაწყისში მიტროპოლიტმა თეოდორემ რუსეთის პატრიარქს 80 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს ეკლესიის მეთაურის სახელით მისალოცი გზავნილი გადასცა.
სტუმრებთან საუბრისას კირილმა განაცხადა, რომ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც, მისი თქმით, თანამედროვე მართლმადიდებლურ სამყაროში უთანხმოებას იწვევს.
„მართლმადიდებლების გაყოფა ძალიან მარტივია, გაერთიანება კი – ძალიან რთული. ჩვენი და მრავალი სხვა ეკლესიის მაგალითზე ვიცით, რომ სხვადასხვა მიზეზით წარმოშობილი განხეთქილებები ეკლესიის სხეულზე ხანგრძლივად რჩებოდა ჭრილობებად“, – განაცხადა კირილმა.
მისი თქმით, მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული უთანხმოებების გადასაჭრელად აუცილებელია ეკლესიებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და დიალოგის გაგრძელება.
ამ კონტექსტში რუსეთის პატრიარქმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და განაცხადა, რომ იგი „კანონიკური სიმართლის მხარეს დგას“.
მიტროპოლიტი თეოდორე: ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და დავიცავთ კანონიკურ სამართალს
შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის სახელით სიტყვით გამოვიდა მიტროპოლიტი თეოდორე.
მან კირილს მოსკოვში მიწვევისა და საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიტროპოლიტმა თეოდორემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საეკლესიო კანონიკური სამართლის დაცვის საკითხზე.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ყოველთვის ვიცავდით და დავიცავთ კანონიკურ სამართალს. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ აქვს, და არანაირ ზეწოლას არ დავემორჩილებით“, – განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.
მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები აფასებენ რუსეთის პატრიარქის პოზიციას მართლმადიდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„ძალიან გვიხარია, რომ თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ასევე მტკიცედ დგახართ მართლმადიდებლობის დასაცავად და ვილოცებთ თქვენთვის“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
შეხვედრაზე ეკლესიებს შორის თანამშრომლობაც განიხილეს
რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა სასულიერო განათლების მიმართულებით თანამშრომლობა იყო.
კირილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან სტუდენტურ გაცვლით პროგრამებს.
მისი განცხადებით, რუსეთის სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოდანაც ჩადიან სტუდენტები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს მოსკოვში მცხოვრები ქართული თემისა და თბილისში მცხოვრები რუსულენოვანი მართლმადიდებლებისთვის მშობლიურ ენაზე რელიგიური მსახურების ხელმისაწვდომობაზე.
შეხვედრის დასასრულს რუსეთის პატრიარქმა ხაზი გაუსვა ორ ეკლესიას შორის ისტორიულ ურთიერთობებს და გამოთქვა მათი შემდგომი გაძლიერების სურვილი.
„ეს არის ურთიერთობები, რომლებიც უღმერთო ხელისუფლების მმართველობის რთულ წლებშიც შენარჩუნდა და რომლებსაც დღეს ყველა საფუძველი აქვს, კიდევ უფრო მტკიცე გახდეს“, – განაცხადა კირილმა.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა საეკლესიო საჩუქრები გაცვალეს.
რუსეთის პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის მეთაურისთვის ჯვარი და ორი პანაღია გადასცა, დელეგაციის წევრ მღვდელმთავრებს პანაღიები, ხოლო პროტოპრესვიტერს სამახსოვრო ჯვარი აჩუქა.
საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ კირილს პანაღია და საეკლესიო დღესასწაულების ხატი გადასცა.