უკრაინა და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ უკრაინული წარმოების საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივ წარმოებაზე. შესაბამის საპროექტო შეთანხმებებს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევჰენი ხმარამ და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეთანხმების თანახმად, უკრაინული წარმოების Middle Strike და Deep Strike კატეგორიის უპილოტო საფრენი აპარატები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დამზადდება. პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას ბრიტანული მხარე უზრუნველყოფს, ხოლო ერთობლივი საწარმოების პროდუქცია უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებებს მოხმარდება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საუბარია უპილოტო სისტემებზე, რომლებმაც საბრძოლო მოქმედებების დროს საკუთარი ეფექტიანობა უკვე დაადასტურეს.
„ვიწყებთ პროექტებს, რომლებიც ორივე ქვეყნის შესაძლებლობებს გააძლიერებს და ჩვენი თავდაცვითი მრეწველობის განვითარებას დააჩქარებს. უკრაინას აქვს ეფექტიანი თავდაცვითი გადაწყვეტილებები და მოწინააღმდეგესთან ბრძოლის ფასდაუდებელი გამოცდილება. ამ ყველაფერს დიდი ბრიტანეთის საწარმოო შესაძლებლობებთან ვაერთიანებთ, რათა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის გამოცდილი საშუალებების წარმოება უფრო სწრაფად გავაფართოოთ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევჰენი ხმარამ.
თანამშრომლობა საჰაერო თავდაცვის მიმართულებით
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაც განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო LMM ტიპის რაკეტების ახალი პარტიების მიწოდების დაჩქარებას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინას საკუთარი სამხედრო მარაგებიდან აღნიშნული რაკეტები გადასცა, მომავალში მათი ჩანაცვლების პირობით.
უკრაინული მხარის შეფასებით, ამ ტიპის შეიარაღებას მნიშვნელოვანი როლი აქვს რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გაძლიერება და უკრაინული წარმოების რაკეტების მოდერნიზაცია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი შეთანხმებები მიზნად ისახავს როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაფართოებას, ისე ორი ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის თანამშრომლობის გაღრმავებას.