საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს მომავალში პარლამენტში დარეგისტრირდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კირცხალიას ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობას აქტიური კომუნიკაცია აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება“, – განაცხადა კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, ინიციატივის მთავარი საფუძველი სუროგაციასთან დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი რისკებია.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადამიანით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს.

„გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, – აღნიშნა მან.

კირცხალიამ ასევე ისაუბრა სუროგაციის აკრძალვის შესაძლო ეკონომიკურ შედეგებზე. მისი განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა აცნობიერებს, რომ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ საქმიანობაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ გადაწონის ინიციატივის ავტორების მიერ დასახელებულ რისკებს.

„კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე“, – განაცხადა კირცხალიამ.