უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 22 ნოემბერს, დილით, რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატი კიევთან მდებარე ქალაქ დიმერში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

ნანგრევებში მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამონგრეული შენობის ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ დაახლოებით ათი ადამიანი იმყოფებოდეს.

„რუსული დრონით თავდასხმის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. მადლობას ვუხდი მაშველებს სწრაფი რეაგირებისთვის. ცხრა ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, ხანძარი კი ლოკალიზებულია“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დიმერში თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდია.

Reuters-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეძებენ მაშველები ადამიანებს ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში. დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობის გამოსაყვანად სამაშველო ჯგუფები კიბეებსა და სპეციალურ ამწე პლატფორმებს იყენებდნენ.

თავდასხმა სურსათის მაღაზიაზეც განხორციელდა

იმავე დღეს რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატი კიევის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ვიშნევეში სასურსათო მაღაზიას მოხვდა.

კიევის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

სამაშველო ოპერაცია ახალი საჰაერო საფრთხის გამო შეჩერდა

დიმერში სამაშველო სამუშაოები დღის განმავლობაში ახალი საჰაერო საფრთხის ფონზე მიმდინარეობდა.

Reuters-ის ცნობით, ადგილობრივი დროით 15:35 საათზე მაშველები იძულებული გახდნენ, გადარჩენილების ძებნა დროებით შეეჩერებინათ, რადგან რეგიონში მორიგი საჰაერო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა.

ამის შემდეგ ქალაქში სამი აფეთქების ხმა გაისმა.

სააგენტოს მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ეცემა ციდან ცეცხლმოკიდებული, დაუდგენელი საჰაერო ობიექტი. საფრთხის გამო მშვიდობიანი მოქალაქეები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ახლომდებარე შენობებს აფარებდნენ თავს.