ინდონეზიის კუნძულ იავაზე, ტკბილეულის მწარმოებელ ქარხანაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შემდეგ, სულ მცირე 29 თანამშრომელი დაკარგულად ითვლება.  დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, არსებული ცნობებით, ხანძარს სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ხანძარი 21 ნოემბერს, შაბათს საღამოს, სერანგის ოლქის ქალაქ ჩიკანდეში მდებარე კომპანია PT Fonusa Agung Mulia-ს ტკბილეულის ქარხანაში გაჩნდა. საწარმო ინდონეზიური კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის, United Family Food-ის შემადგენლობაში შედის.

22 ნოემბერს მეხანძრეები შენობაში დარჩენილი ხანძრის კერების ჩაქრობას განაგრძობდნენ. ამასთან, შენობის ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის საფრთხის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებული იყო.

ინდონეზიის ბანტენის პროვინციის პოლიციის უფროსის, ჰენდრა კურნიავანის განცხადებით, დაკარგული თანამშრომლების ძებნა ღამის განმავლობაში შეჩერდა და მისი განახლება ორშაბათს, 23 ნოემბერს, დილით იგეგმება.

ქარხანაში ხანძრის დროს ასობით ადამიანი იმყოფებოდა

ქარხნის აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ ერვინ ვიჯაიას განცხადებით, შაბათის სამუშაო ცვლაში დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა.

კომპანიის მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძართან დაკავშირებული 65 თანამშრომლიდან 24 სახლში დაბრუნდა, ოთხი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს, 29 დაკარგულად ითვლება, ხოლო კიდევ რვა ადამიანის ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

ინდონეზიური ტელეკომპანია Metro TV-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი თანამშრომლების ოჯახის წევრები, რომლებიც ახლობლების შესახებ ინფორმაციას ელოდებიან.

დაღუპულთა იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის კვლევა ჩატარდება

ინდონეზიის პოლიციის წარმომადგენლის, ვაჰიუ ჰიდაიატის განცხადებით, ხანძრის ინტენსივობის გამო აღმოჩენილი ნეშტების ვიზუალური ამოცნობა შეუძლებელია.

შესაბამისად, სამართალდამცველები დაკარგული თანამშრომლების ოჯახის წევრებისგან დნმ-ის ნიმუშებს აგროვებენ. იდენტიფიცირებისთვის ასევე გამოიყენებენ დაკარგულთა პირად ნივთებს.

პოლიციის შეფასებით, იდენტიფიცირების პროცესი შესაძლოა ორიდან სამ კვირამდე გაგრძელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილიდან 24 ცხედრის ტომარა გამოიტანეს, ეს რიცხვი დაღუპულთა დადასტურებულ რაოდენობას არ ნიშნავს. პოლიციის განმარტებით, ერთ ტომარაში შესაძლოა ერთზე მეტი ადამიანის ნეშტის ფრაგმენტები იყოს მოთავსებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია

ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად.

გამოძიების პარალელურად, სამაშველო სამსახურები შენობის უსაფრთხოების მდგომარეობასაც აფასებენ, რადგან მისი ნაწილი კვლავ ჩამონგრევის საფრთხის წინაშეა.

ცნობისთვის, ქარხნის მფლობელი კომპანია United Family Food 1981 წელს დაარსდა. ის ინდონეზიის მასშტაბით სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტს აწარმოებს და დაახლოებით 5 000 ადამიანს ასაქმებს.

კომპანიას აქვს ეროვნული სათავო ოფისი და ოთხი საერთაშორისო წარმომადგენლობა. მისი პროდუქცია 250 მილიონზე მეტი მომხმარებლის ბაზარზეა წარმოდგენილი.