თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული გაეროს კლიმატის 31-ე კონფერენცია (COP31) შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროკავშირმა და სხვა მონაწილე სახელმწიფოებმა უარი განაცხადეს თურქეთისა და ავსტრალიის მიერ წარმოდგენილი საბოლოო დოკუმენტის მხარდაჭერაზე და მიიჩნიეს, რომ ის გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საკმარისად ეფექტიან ზომებს არ ითვალისწინებდა.

ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მოლაპარაკებები ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა და დაგეგმილ ვადას ორი დღით გადააჭარბა. შედეგად, COP31 ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კლიმატის კონფერენცია გახდა, თუმცა მონაწილე ქვეყნებმა საერთო პოზიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს.

„გასაკეთებელი აღარაფერი დარჩა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო“, – განაცხადა კონფერენციის პრეზიდენტმა, თურქეთის გარემოს დაცვის მინისტრმა მურათ ქურუმმა დასკვნით პლენარულ სხდომაზე.

მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ახალ ტექსტს აღარ წარადგენდა. მოგვიანებით ქურუმმა სხდომა დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოების წარმომადგენლები გამოსვლებს ჯერ კიდევ აგრძელებდნენ.

ავსტრალიის წარმომადგენელმა და COP31-ის მოლაპარაკებების პრეზიდენტმა კრის ბოუენმა შედეგს „ძალიან იმედგამაცრუებელი“ უწოდა. მისი განმარტებით, შეთანხმების მიღწევის მთავარი დაბრკოლებები წიაღისეული საწვავის გამოყენებასა და კლიმატის დაფინანსებასთან დაკავშირებული უთანხმოებები იყო.

რატომ თქვა ევროკავშირმა უარი შეთანხმებაზე?

ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია საბოლოო დოკუმენტში წიაღისეული საწვავის შესახებ ჩანაწერის არარსებობას უკავშირდებოდა.

ირლანდიის გარემოს დაცვის მინისტრის, დარაგ ო’ბრაიენის განცხადებით, მიუღებელია კლიმატის შესახებ საერთაშორისო დოკუმენტის მიღება, რომელიც საერთოდ არ ახსენებს ნავთობს, გაზსა და ქვანახშირს – ენერგორესურსებს, რომელთა გამოყენება სათბურის აირების ემისიების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

„წარმოუდგენელია, მივიღოთ კლიმატის შესახებ დოკუმენტი, რომელშიც არ იქნება მითითება წიაღისეულ საწვავზე და მისგან ეტაპობრივ გადასვლაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთი და ნავთობის სხვა მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები ცდილობდნენ, საბოლოო ტექსტში წიაღისეული საწვავის შესახებ პირდაპირი მითითებები არ მოხვედრილიყო.

მათი პოზიციით, ნავთობი და გაზი მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს მომავალშიც შეასრულებს.

საუდის არაბეთის დელეგაციის წარმომადგენელმა დასკვნით სხდომაზე გაკვირვება გამოთქვა იმ წინააღმდეგობის გამო, რომელიც, მისი შეფასებით, გლობალური დათბობის პრობლემის კონკრეტულ გადაწყვეტას შეხვდა.

უთანხმოება ნახშირორჟანგის შემცირების გზებზე

საბოლოო დოკუმენტის პროექტი აღიარებდა, რომ დედამიწის საშუალო ტემპერატურის მატება, სავარაუდოდ, პარიზის შეთანხმებით განსაზღვრულ 1,5-გრადუსიან ზღვარს გადააჭარბებს.

ამ პრობლემის საპასუხოდ დოკუმენტი ითვალისწინებდა ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მოცილების ტექნოლოგიების დაჩქარებულ განვითარებას, რათა მომავალში ტემპერატურის მატების შედეგების ნაწილობრივი შებრუნება შესაძლებელი გამხდარიყო.

ამ მიდგომას განსაკუთრებით მხარს უჭერდნენ ნავთობმწარმოებელი ქვეყნები.

მეცნიერების შეფასებით, ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მოცილება მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების ყველაზე მძიმე შედეგების შესამცირებლად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სათბურის აირების ემისიების მკვეთრი შემცირებაც ახლავს.

შეთანხმების პროექტის კრიტიკოსები შიშობდნენ, რომ ნახშირორჟანგის მოცილების ტექნოლოგიებზე აქცენტი შესაძლოა წიაღისეული საწვავის მოპოვებისა და მოხმარების გაგრძელების გასამართლებლად გამოყენებულიყო.

განვითარებადი ქვეყნები ფინანსურ გარანტიებს ითხოვდნენ

შეთანხმების კიდევ ერთი სადავო საკითხი კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის განკუთვნილი საერთაშორისო დაფინანსება გახდა.

განვითარებადი ქვეყნები აცხადებდნენ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ ითვალისწინებდა საკმარის ფინანსურ გარანტიებს იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც გლობალური დათბობის შედეგების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან.

პროექტში კლიმატის ადაპტაციის დაფინანსების გასამმაგების მიზანი იყო განსაზღვრული, თუმცა არ იყო მითითებული საწყისი მოცულობა, რომლის მიმართაც ზრდა უნდა განხორციელებულიყო.

ამასთან, თურქეთის ინიციატივით, დოკუმენტი ითვალისწინებდა მსოფლიო ენერგიის საბოლოო მოხმარებაში ელექტროენერგიის წილის 2035 წლისთვის 35%-მდე გაზრდას, არსებული დაახლოებით 23%-დან.

ინიციატივის მხარდამჭერთა შეფასებით, ტრანსპორტისა და სხვა სექტორების ელექტრიფიკაცია სათბურის აირების ემისიების შემცირებას შეუწყობდა ხელს.

კრიტიკოსები კი მიუთითებდნენ, რომ ასეთი ვალდებულება განვითარებად ქვეყნებს დამატებით ეკონომიკურ ტვირთს დააკისრებდა, თუ შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა არ იქნებოდა უზრუნველყოფილი.

გაერო: შედეგი იმედგამაცრუებელია

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კონფერენციის უშედეგოდ დასრულების გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

„ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის ღრმა იმედგაცრუებას, ვინც ელოდა, რომ მთავრობები კლიმატის კრიზისის სიმწვავის შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ“, – განაცხადა მან.

Reuters-ის ცნობით, ბოლოს გაეროს კლიმატის მოლაპარაკებები საერთო შეთანხმების მიღების გარეშე 2009 წელს, კოპენჰაგენში დასრულდა.

COP31-ის წარუმატებლობა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც მეცნიერები გლობალური ტემპერატურის მატების დაჩქარებასა და ექსტრემალური ამინდის მოვლენების გახშირებაზე მიუთითებენ.

2015 წელს პარიზის კლიმატის შეთანხმების მიღებისას არსებული პოლიტიკის გათვალისწინებით, საუკუნის ბოლომდე გლობალური ტემპერატურის დაახლოებით 4 გრადუსით მატება იყო მოსალოდნელი. ათი წლის შემდეგ პროგნოზი დაახლოებით 2,8 გრადუსამდე შემცირდა, თუმცა ეს მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად აღემატება პარიზის შეთანხმებით განსაზღვრულ მიზნებს.

გაეროს შესაბამისი უწყების ოქტომბრის შეფასებით, გლობალური ტემპერატურის მატება 1,5 გრადუსიან ზღვარს გადააჭარბებს, რაც ექსტრემალური სიცხეების, ტყის ხანძრების, წყალდიდობებისა და ძლიერი შტორმების რისკებს ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ ანტალიაში ახალი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, ძალაში რჩება წინა კლიმატური კონფერენციების ფარგლებში სახელმწიფოების მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

ბელგიის კლიმატის მინისტრმა ჟან-ლუკ კრიუკემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგი რთულია, თუმცა ეს მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის დასასრულს არ ნიშნავს.

„საჭიროა გამბედაობა, რომ თქვა უარი“, – აღნიშნა მან.