საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.

სამივე მათგანი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების საქმეზე იყო მსჯავრდებული.

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ გიორგი მინდაძემ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„სახლში მინდა ძალიან, თავისუფლება ყველას“, – განაცხადა მან.

დანარჩენ პატიმრებს გათავისუფლება უსურვა ანრი კვარაცხელიამაც.

„ჩვეულებრივი მომენტია, ბიჭებს მოვიკითხავ, ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვუსურვებ. მაგარი ბიჭები არიან და თავიანთი საქმე თვითონ იციან!“ – აღნიშნა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის მოხვდნენ გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

გიორგი მინდაძე პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე იყო მსჯავრდებული. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ანრი კვარაცხელიას ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. მას ბრალად ედებოდა პოლიციელზე თავდასხმა, კერძოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა.

ნიკოლოზ ჯავახიშვილი კი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის იყო მსჯავრდებული და მას ორწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

გავრცელებული ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს გიორგი ოკმელაშვილიც.

ოკმელაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.