სამხრეთ კორეამ გამანადგურებლები ააფრინა, კუნძულ ულინდოს მოსახლეობას კი თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. ამის მიზეზი რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შესვლა გახდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების ცნობით, რუსული თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო სივრცის საზღვარს მიუახლოვდნენ, თუმცა ის არ დაურღვევიათ. კუნძულზე გამოცხადებული გაფრთხილება სამი წუთის შემდეგ გაუქმდა.
მომხდართან დაკავშირებით სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის სამხედრო ატაშეს დაიბარებს და ოფიციალურ პროტესტს გამოუცხადებს.
საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა ქვეყნის სუვერენული საჰაერო სივრცის ფარგლებს სცდება. შესაბამისად, აღნიშნულ ზონაში უცხო ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავების შესვლა ავტომატურად არ ნიშნავს სახელმწიფო საზღვრის დარღვევას.
Reuters-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში არაერთხელ შევიდნენ, თუმცა მოსახლეობისთვის თავშესაფრებში გადასვლის გაფრთხილების გამოცხადება იშვიათი შემთხვევაა.
რუსეთის საელჩოს სეულში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.