პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ ნატო ევროპაში დამატებითი სამხედრო საშუალებების განლაგების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ალიანსის პრესსპიკერმა ალისონ ჰარტმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გასულ კვირას პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევა განიხილეს.
ჰარტის განცხადებით, მომხდარის საპასუხოდ ალიანსი პოლონეთში AWACS-ის ტიპის საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის თვითმფრინავს განალაგებს.
“ეს სახიფათო ინციდენტი იყო და რუსეთს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ახლა დამატებითი საშუალებების განლაგების საკითხს განიხილავს, ასევე, პოლონეთსა და სხვა ტერიტორიებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოზიციების შეფასებას აგრძელებს. ყველა მოკავშირე სრულ სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს”, – წერს ალიანსის პრესსპიკერი.
ცნობისთვის, 20 ნოემბერს დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის დროს სამი რუსული საფრენი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ორი მათგანი პოდკარპაცკიეს რეგიონში, ერთი კი ლუბლინის რეგიონში ჩამოვარდა.
პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, ჩამოვარდნილ ობიექტებს შორის იყო “x-101” ტიპის ფრთოსანი რაკეტა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.