უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ტიმოფი მილოვანოვი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო დიპლომატია და ადგილზე მიმდინარე სამხედრო პროცესები ერთმანეთისგან მოწყვეტილია. PBS-ის „Amanpour & Company“-სთან ინტერვიუში ის საუბრობს უკრაინის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, ნატოს თავდაცვის გაძლიერების საჭიროებასა და იმ პირობებზე, რომლებსაც უკრაინელები მშვიდობად ვერ მიიღებენ.

ინტერვიუერი: ისა სოარესი

ლიდერების შეხვედრების მიუხედავად, სამხედრო ესკალაცია გრძელდება და ომის მოქმედებების არეალიც ფართოვდება. როგორ აფასებთ ვითარებას?

ვფიქრობ, ომი ესკალაციას განიცდის. ვხედავთ, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, სხვა არეალებსაც სწვდება – შავი ზღვისგან ძალიან შორს.

ამ ომის განმავლობაში რუსული ფლოტის წინააღმდეგ მოქმედება უკრაინისთვის ერთ-ერთი წარმატებული მიმართულება იყო. ამავდროულად, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე იზრდება თავდასხმების ინტენსივობა, მასშტაბი და მშვიდობიან მოსახლეობაზე ზემოქმედება.

ეს მხოლოდ კიევს არ ეხება – მძიმე მდგომარეობაა სხვა ქალაქებშიც. ამიტომ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მცდელობები თითქოს სრულიად სხვა რეალობაში მიმდინარეობს. მათსა და ადგილზე არსებულ ვითარებას შორის კავშირი არ ჩანს.

რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის ტექნოლოგიური შესაძლებლობები და რთული სამხედრო ოპერაციების ჩატარების უნარი?

ვფიქრობ, ეს გადამწყვეტია. ქერჩის სრუტის ხიდის მსგავს სამიზნეზე დარტყმა მარტივი არ არის, შესაბამისი შესაძლებლობებიც რომ გქონდეს.

საჭიროა საჰაერო თავდაცვის დაძლევა, სწორი დროისა და სამიზნის შერჩევა. ასეთი ოპერაცია სხვადასხვა მიდგომისა და შესაძლებლობის კოორდინაციას მოითხოვს.

ჩემი შეფასებით, მსგავსი მოქმედებები აჩვენებს, რომ უკრაინას საკუთარი ტექნოლოგიების გაუმჯობესება და მათი რთულ ოპერაციებში გამოყენება შეუძლია. ეს შესაძლებლობები ომის განმავლობაში ვითარდებოდა.

რუსეთის მოქმედებები ნატოს ქვეყნებისთვისაც ქმნის საფრთხეებს. როგორ უნდა უპასუხოს ალიანსმა საზღვრებისა და საჰაერო სივრცის გამოცდას?

ვფიქრობ, ნაკლები დრო უნდა დავხარჯოთ მხოლოდ იმაზე მსჯელობაში, კონკრეტული შემთხვევა პროვოკაცია იყო თუ სხვა განზრახვით განხორციელებული მოქმედება.

უნდა გადავიდეთ რუსეთის შეკავების მცდელობიდან ისეთი თავდაცვითი შესაძლებლობების შექმნაზე, რომლებიც მას შეღწევის საშუალებას არ მისცემს.

ნატოს საზღვრებთან უნდა არსებობდეს საშუალებები, რომლებიც დაიცავს საჰაერო სივრცეს. იგივე ეხება კიბერსივრცესა და საკომუნიკაციო სისტემებს.

იმისთვის, რომ ალიანსმა რეალური ზღვარი გაავლოს, მისი დაცვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ყველა საჭირო შესაძლებლობა არსებობს. იმედი მაქვს, ვცდები, მაგრამ მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის.

მოლაპარაკებების სწრაფად დასრულების სურვილზე საუბრობენ, თუმცა რუსეთი არ ჩქარობს. უკრაინას მშვიდობა სურს – მაგრამ რა ფასად?

ჩვენ მშვიდობა გვინდა. კაპიტულაცია არ გვინდა, რადგან ვნახეთ, რა დაემართათ ოკუპაციაში მცხოვრებ ადამიანებს.

თუ რუსეთი მშვიდობაში გულისხმობს დამატებითი ტერიტორიების დათმობას, უკრაინის მოქალაქეების მიტოვებას და საკუთარ არმიასა და თავდაცვისუნარიანობაზე კონტროლის დაკარგვას, ეს მშვიდობა არ არის — ეს კაპიტულაციაა.

უკრაინელები ასეთ პირობებს არ თანხმდებიან. ნამდვილად გვინდა ომის დასრულება. ყველა გადაღლილია, თუმცა გავუძლებთ.

მშვიდობა რაც შეიძლება მალე გვჭირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ადგილზე ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომლებიც პუტინის მხრიდან ომის რეალურად დასრულების სერიოზულ სურვილზე მიუთითებდა.

ენდობით პრეზიდენტ ტრამპს, რომ იანვრამდე ან იანვარში მშვიდობას მოიტანს?

არა.

 

წყარო: PBS, „Amanpour & Company“, 23 ნოემბერი, 2026. ინტერვიუერი — ისა სოარესი.
ინტერვიუს ქართული ვერსია სარედაქციოდ დამუშავებულია და შემოკლებულია.