კლიმატის სამიტზე საერთო დეკლარაციის მიუღებლობა მთელი პროცესის სრულ ჩავარდნას არ ნიშნავს – ასე აფასებს COP31-ის შედეგებს ჯოანა მაკგრეგორი, რომელიც გადაცემაში გაეროს კლიმატის ცვლილების სტრატეგიის ხელმძღვანელად არის წარდგენილი. PBS-ის „Amanpour & Company“-სთან ინტერვიუში ის საუბრობს ქვეყნების განსხვავებულ ეკონომიკურ ინტერესებზე, შეთანხმებების განხორციელების სირთულეებსა და იმაზე, რატომ უნდა გაგრძელდეს კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობა ყოველწლიურ სამიტებს შორისაც.
ინტერვიუერი: ისა სოარესი
COP31 იმედგაცრუებით დასრულდა. როგორ აფასებთ მოლაპარაკებების შედეგს?
ვფიქრობ, სამართლიანი არ იქნება იმის თქმა, რომ ეს სრული ჩავარდნა იყო. სამიტმა ვერ მიიღო თავმჯდომარეობის მიერ მომზადებული დეკლარაცია, თუმცა სხვა მიმართულებებით პროგრესს მივაღწიეთ.
მაგალითად, მოლაპარაკებები გვქონდა სამართლიან გარდაქმნაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკისა და ენერგეტიკის ცვლილება ყველა საზოგადოებისა და თემისთვის სამართლიანი იყოს. ბუნებრივია, გვინდოდა წარმატება დღის წესრიგის ყველა საკითხში, მაგრამ ის შედეგებიც უნდა დავინახოთ, რომლებიც მიღწეულია.
ამასთან, COP-ები ძალიან მასშტაბური და რთული გახდა. ნებისმიერი მთავრობისთვის ძნელია ასეთი პროცესის ხელმძღვანელობა. ამჯერად საერთო გადაწყვეტილების მიღება ვერ შევძელით, თუმცა ეს უნდა გამოვიყენოთ იმის გასააზრებლად, როგორ გავაუმჯობესოთ მუშაობა მომდევნო წლებში.
რატომ ვერ თანხმდებიან ქვეყნები წიაღისეული საწვავისგან თანდათანობით დაშორებაზე?
ყველა ქვეყანამ საბოლოო შედეგში საკუთარი ადგილი უნდა დაინახოს. მოლაპარაკებებზე განსხვავებული ეკონომიკებითა და ბაზრებით მოვდივართ. თითოეულ ქვეყანას გარდაქმნა სჭირდება, თუმცა ამ გზას საკუთარი პირობების გათვალისწინებით გაივლის. ბევრ მათგანს არ სურს, ცვლილების მოდელი გარედან მოახვიონ.
არსებული სისტემა ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილს ეფუძნება – სახელმწიფოები თავად წარმოადგენენ გეგმას, როგორ აპირებენ მოქმედებას.
საერთაშორისო თანამშრომლობამ პროგრესი მოგვიტანა, მაგრამ ის კვლავ არასაკმარისია. ემისიები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ და ამისთვის, შესაძლოა, არსებული სისტემის განვითარებაც დაგვჭირდეს.
სუფთა ტექნოლოგიები იაფდება. ეს აჩვენებს, რომ ეკონომიკური გარდაქმნა უკვე მიმდინარეობს. ახლა ამ პროცესის დაჩქარებაა საჭირო. ქვეყნები მხოლოდ მოთხოვნებისა და იმ პირობების ჩამონათვალით არ უნდა მოდიოდნენ, რომლებსაც არ მიიღებენ – მთელი წლის განმავლობაში უნდა მუშაობდნენ საერთო გამოსავლის მოსაძებნად.
როდესაც წიაღისეული საწვავის მწარმოებელ ქვეყნებს ასეთი ძლიერი გავლენა აქვთ, როგორ შეიძლება კონსენსუსის მიღწევა?
ვფიქრობ, ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი.
პირველი – ყურადღება უნდა გადავიტანოთ შეთანხმებების განხორციელებაზე. COP-ზე ხშირად გამოცდილი მომლაპარაკეები და იურისტები ჩამოდიან. მათ კარგად ესმით პროცედურები და ფორმულირებები, მაგრამ შესაძლოა ნაკლებად იყვნენ ჩართული იმაში, როგორ სრულდება ეს გადაწყვეტილებები ადგილზე.
ეკონომიკის გარდაქმნა, წყლის სისტემის შეცვლა და მოსახლეობის დაცვა პრაქტიკულ ცოდნასა და კონკრეტულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მცირე ქვეყნებში შეიძლება ერთი ადამიანი ორივე საქმეს აკეთებდეს, მაგრამ დიდ სახელმწიფოებში მოლაპარაკებებსა და განხორციელებაზე ხშირად სხვადასხვა უწყება მუშაობს. ეს ადამიანები უკეთ უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთან.
მეორე – მთელი პოლიტიკური წნეხი მხოლოდ წლის ბოლოს გამართულ ორკვირიან შეხვედრაზე არ უნდა მოდიოდეს. თანამშრომლობა მთელი წლის განმავლობაში გვჭირდება.
საქმე მხოლოდ ამბიციას არ ეხება. საჭიროა ფული, კერძო სექტორის მონაწილეობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და პარტნიორობა, რომელიც გადაწყვეტილებებს რეალურ მოქმედებად აქცევს.
არსებობს ასეთი ხანგრძლივი თანამშრომლობის სურვილი?
ვფიქრობ, კლიმატის საკითხების მიმართ ინტერესი იზრდება. ბოლო წლებში ყურადღება დიდ გეოპოლიტიკურ კრიზისებსაც ეთმობოდა, მაგრამ კლიმატის ცვლილების შედეგები უკვე იმდენად თვალსაჩინოა, რომ მათი უგულებელყოფა რთულდება.
ეს აღარ არის მხოლოდ გარემოს დაცვის საკითხი ან პრობლემა, რომელიც შორეულ ბუნებრივ სამყაროს ეხება. ადამიანები შედეგებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ: სიცხე ხელს უშლის სწავლასა და მუშაობას, წყალდიდობები და ხანძრები საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ გარემოს, გვალვა და მოსავლის დანაკარგი კი საკვების ხარჯებზე აისახება.
ამიტომ კლიმატის უსაფრთხოება ენერგეტიკულ და ეროვნულ უსაფრთხოებასაც უკავშირდება. თუ გვინდა, მომავალში სტაბილური და გამძლე ეკონომიკა გვქონდეს, ეს რისკები უნდა გავითვალისწინოთ.
სამიტის შემდეგ უფრო ოპტიმისტურად ხართ განწყობილი თუ ნაკლებად?
უფრო ოპტიმისტურად. ვფიქრობ, ეს დაფიქრების შესაძლებლობას გვაძლევს. ბოლო წლებში შეთანხმებებს ვაღწევდით და ეს პროგრესი იყო, თუმცა მათი ამბიცია ყოველთვის არ შეესაბამებოდა იმას, რაც გვჭირდება.
ახლა უნდა უზრუნველვყოთ, რომ წინსვლა მხოლოდ სამიტებზე არ ხდებოდეს. მომდევნო შეხვედრაზე ქვეყნები პრობლემების ჩამონათვალთან ერთად გადაწყვეტილებების შეთავაზებებითაც უნდა მივიდნენ.
ეს მხოლოდ მთავრობებს არ ეხება. კომპანიებსა და ადგილობრივ საზოგადოებებსაც თავისი როლი აქვთ. მომდევნო მნიშვნელოვანი ეტაპისთვის მზადება სწორედ ამ ერთობლივი მუშაობით უნდა გაგრძელდეს.
წყარო: PBS, „Amanpour & Company“, 23 ნოემბერი, 2026. ინტერვიუერი — ისა სოარესი.
ინტერვიუს ქართული ვერსია სარედაქციოდ დამუშავებულია და შემოკლებულია.