კლიმატოლოგი მაიკლ მანი მიიჩნევს, რომ კლიმატის საერთაშორისო მოლაპარაკებების სისტემა რეფორმას საჭიროებს. PBS-ის „Amanpour & Company“-სთან ინტერვიუში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი საუბრობს ნავთობმწარმოებელი ქვეყნების გავლენაზე, გადაწყვეტილებების მიღების წესსა და იმ სახელმწიფოების მდგომარეობაზე, რომლებიც კლიმატის ცვლილების ყველაზე მძიმე შედეგებს განიცდიან. მისი მთავარი გზავნილია: COP უნდა გამოსწორდეს და არა გაუქმდეს.
ინტერვიუერი: ისა სოარესი
ჯოანა მაკგრეგორი COP31-ის შედეგებში გარკვეულ პროგრესს ხედავს. თქვენ როგორ აფასებთ სამიტს?
მისი პოზიცია გასაგებია – მისი ამოცანაა, გაეროს ძალისხმევას ხელი შეუწყოს. თუმცა ჩემი შეფასებით, ეს კატასტროფული შედეგი იყო.
წიაღისეული საწვავისგან ეტაპობრივად დაშორებაზეც კი შეუთანხმებლობა ჰგავს იმას, რომ ფილტვის კიბოს განვითარებაში თამბაქოს როლზე ვერ შევთანხმდეთ.
რთულია საერთო პოზიციის პოვნა სახელმწიფოებთან, რომელთა ამჟამინდელი ეკონომიკური მოდელი მთლიანად წიაღისეული საწვავის მოპოვებასა და გაყიდვაზეა აგებული. მათსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ინტერესთა აშკარა წინააღმდეგობაა.
ამიტომ უნდა გადავხედოთ წესს, რომელიც ერთ ქვეყანას მთელი შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას აძლევს.
რას შესთავაზებდით არსებული სისტემის ნაცვლად?
უნდა გავთავისუფლდეთ წარმოდგენისგან, რომ კონსენსუსი აუცილებლად ერთსულოვნებას ნიშნავს.
ჩემი წინადადებაა კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი – მაგალითად, ქვეყნების 75 პროცენტის თანხმობა საკმარისი იყოს გადაწყვეტილების მისაღებად. ამ საკითხზე მე და სხვები უკვე რამდენიმე წელია ვსაუბრობთ.
მიუღებელია, ერთ სახელმწიფოს, იქნება ეს საუდის არაბეთი, რუსეთი თუ სხვა ქვეყანა, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი შეთანხმების შეჩერება შეეძლოს.
ადრე ნავთობმწარმოებელი სახელმწიფოების მიერ კონფერენციების მასპინძლობასა და ნავთობკომპანიების ხელმძღვანელების მონაწილეობასაც აკრიტიკებდით. ამ პირობებში COP კვლავ ასრულებს თავის დანიშნულებას?
ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, თუმცა COP-ის მთლიანად გაუქმების ფუფუნება არ გვაქვს. ეს კლიმატის კრიზისის გადასაჭრელად არსებული მთავარი მრავალმხრივი მექანიზმია. ამიტომ ის უნდა გამოვასწოროთ და არა დავასრულოთ.
წესები უნდა შეიცვალოს ისე, რომ ქვეყნებს რეალური წინსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ბევრ სახელმწიფოს მოქმედება სურს, რადგან კლიმატის ცვლილების შედეგებს უკვე განიცდის.
ეს შორეული საფრთხე აღარ არის. ევროპაში სიცხე და ტყის ხანძრები ვნახეთ, ჩრდილოეთ ამერიკაში – მძიმე წყალდიდობები. შედეგები ეკონომიკაზეც აისახება.
როგორ უკავშირდება კლიმატის ცვლილება ეკონომიკურ მდგომარეობასა და ცხოვრების გაძვირებას?
კლიმატური კატასტროფები წარმოებაზე, მიწოდებასა და ფასებზე მოქმედებს. ამას ემატება წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება და მის მიწოდებასთან დაკავშირებული არასტაბილურობა.
ამავე დროს, უფრო იაფი ენერგეტიკული ალტერნატივებიც არსებობს. მათი განვითარებისა და გამოყენების წახალისება გვჭირდება.
წიაღისეული საწვავიდან სუფთა ენერგიაზე გადასვლა უკვე მიმდინარეობს. ჩემი აზრით, ეს გარდაქმნა გარდაუვალია, მაგრამ საკმარისად სწრაფად არ ხდება იმისთვის, რომ კლიმატის ყველაზე მძიმე შედეგები თავიდან ავიცილოთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება საერთაშორისო ჩარჩო, რომელიც პროცესს დააჩქარებს.
მცირე კუნძულოვანმა სახელმწიფოებმა სამიტზე მკაფიო პოზიცია დააფიქსირეს. მათთვის კლიმატის ცვლილება არსებობის საკითხია. როგორ შეუძლიათ საკუთარი ინტერესების დაცვა ასეთი ძლიერი მოთამაშეების ფონზე?
მათი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. დაბალ კუნძულოვან სახელმწიფოებს ზღვის დონის მატება პირდაპირ ემუქრება. ზოგიერთ მათგანს უბრალოდ არ აქვს უფრო მაღალი ადგილი, სადაც მოსახლეობა გადაადგილდება.
ამავდროულად, დიდი ხნის განმავლობაში მდიდარ ინდუსტრიულ ქვეყნებში არსებობდა წარმოდგენა, რომ ისინი ადაპტაციას შეძლებდნენ და ყველაზე მძიმე შედეგებისგან თავს დაიცავდნენ.
ახლა ვხედავთ, რომ ეს სრულად შეუძლებელია. მსოფლიო დაკავშირებულია მიწოდების ჯაჭვებით, ვაჭრობითა და ფასებით. ერთ რეგიონში მომხდარი კლიმატური კატასტროფის შედეგები სხვაგანაც აღწევს.
ანუ ეკონომიკური სიმდიდრე კლიმატის ცვლილებისგან დაცვას ვერ უზრუნველყოფს?
არავინ არის სრულად დაცული. განსხვავება ის არის, რომ შედეგები ქვეყნებსა და საზოგადოებებს არათანაბრად ეხება.
გლობალური სამხრეთის განვითარებადი ქვეყნები და მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები უკვე ყველაზე მძიმე ზემოქმედებას განიცდიან. ამ პრობლემის შექმნაში კი მათ ყველაზე მცირე წვლილი მიუძღვით.
ეს ღრმა ეთიკური დილემაა და საერთაშორისო გადაწყვეტილებებშიც სათანადოდ უნდა აისახოს.
წყარო: PBS, „Amanpour & Company“, 23 ნოემბერი, 2026. ინტერვიუერი – ისა სოარესი.
ინტერვიუს ქართული ვერსია სარედაქციოდ დამუშავებულია და შემოკლებულია.