მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები იზრდება. ფასების მატებას ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირების გაფართოება, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების შეფერხების საფრთხე განაპირობებს.
Reuters-ის ინფორმაციით, 26 ნოემბერს, გრინვიჩის დროით 06:40 საათისთვის, Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 0.1%-ით გაიზარდა და ბარელზე 94.71 აშშ დოლარი შეადგინა. ამერიკული West Texas Intermediate-ის (WTI) ფასი კი 0.4%-ით, 83.99 დოლარამდე გაიზარდა.
ნავთობის ფასები ზედიზედ მესამე სავაჭრო სესიაა იზრდება. მიმდინარე კვირაში გაძვირებამ დაახლოებით 5% შეადგინა, მაშინ, როდესაც ნოემბრის დასაწყისიდან სამი კვირის განმავლობაში ნავთობის ღირებულება დაახლოებით 25%-ით შემცირდა.
წინა სავაჭრო სესიაზე Brent-ის ფასი 3.5%-ით, ხოლო WTI-ის ღირებულება 2%-ით გაიზარდა. ფასების მატება მოჰყვა იემენელი ჰუსიტების განცხადებას საუდის არაბეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შესახებ.
რას-ტანურას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იმ ენერგეტიკული კომპლექსის ნაწილია, რომელიც საუდის არაბეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ ტერმინალსაც მოიცავს. ანალიტიკოსების შეფასებით, თავდასხმები ნავთობის ფასებში გეოპოლიტიკური რისკის პრემიის ზრდას შეუწყობს ხელს.
ამასთან, ვითარება კვლავ დაძაბულია ჰორმუზის სრუტეში, სადაც ნავთობის მიწოდების მოცულობა ომამდელ მაჩვენებლებს უახლოვდებოდა. ირანული მედიის ინფორმაციით, სრუტეში საზღვაო ნაღმებთან შეჯახების შედეგად სულ მცირე ორი ნავთობტანკერი დაზიანდა.
ANZ-ის ანალიტიკოსის, დენიელ ჰაინსის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებამ შესაძლოა ბოლო კვირებში ნავთობის მიწოდების აღდგენის პროცესი შეაფერხოს.
ინვესტორების ყურადღება ასევე გამახვილებულია OPEC+-ის 29 ნოემბრის შეხვედრებზე, რომლებზეც გაერთიანების წევრები 2027 წლის ნავთობმოპოვების პოლიტიკას განსაზღვრავენ.
გაერთიანებას წარმოების მოცულობების დაბალანსება არაბთა გაერთიანებული საამიროების გასვლის პირობებში მოუწევს. ამასთან, ერაყი და ყაზახეთი საკუთარი ნავთობმოპოვების შესაძლებლობების შეფასების გაზრდას ითხოვენ.
ფასების მატებას ხელი შეუწყო აშშ-ის ნავთობის მარაგების შესახებ გამოქვეყნებულმა მონაცემებმაც. ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) ცნობით, 20 ნოემბრით დასრულებულ კვირაში ნედლი ნავთობის მარაგები 1.1 მილიონი ბარელით გაიზარდა და 418.9 მილიონ ბარელს მიაღწია. ანალიტიკოსები კი მარაგების 1.5 მილიონი ბარელით ზრდას პროგნოზირებდნენ.