“ძლიერი საქართველო – ლელოს” საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირი, ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებისთვის ემზადება, რაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს.
ამის შესახებ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მიმდინარე დინამიკა და მინსკში ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა შეაფასა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, პრაღის ფორმატის მინსკში გადატანა, არაფორმალური დიალოგის ფორმალიზება, მოსკოვსა და თბილისში შესაძლო შეხვედრების დაანონსება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებები ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მიუთითებს.
გეგელიას შეფასებით, დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო მედიატორების გარეშე რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს პოზიციებს დაასუსტებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსკოვს დეოკუპაციის საკითხზე მოლაპარაკების მზადყოფნა არ გამოუხატავს.
“დასავლეთის გარეშე რუსეთთან პირისპირ დარჩენილი საქართველო სუსტი და მოწყვლადია და სწორედ ესაა კრემლისა და „ქართული ოცნების“ საერთო მიზანი”, – განაცხადა გეგელიამ.
რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ბაზარზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდაზეც. მისი შეფასებით, აღნიშნული გარემოება მოსკოვს საქართველოზე ეკონომიკური ზეწოლის დამატებით ბერკეტებს აძლევს.
გეგელიას მიერ დასახელებული მონაცემებით:
- ქართული ღვინის ექსპორტის 60%-ზე მეტი რუსეთზე მოდის;
- იმპორტირებული ხორბლის თითქმის 92%, ფქვილის 98,5% და მზესუმზირის ზეთის 70%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის;
- რუსული ბუნებრივი გაზის მოცულობა 2,2-ჯერ გაიზარდა, მისმა წილმა კი საქართველოს გაზმომარაგებაში 27,9%-ს მიაღწია;
- 2026 წლის პირველ ნახევარში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 40,5% რუსეთზე მოდიოდა.
გეგელიას შეფასებით, რუსეთის ბაზარზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოს მოლაპარაკებებში უფრო მოწყვლადს ხდის.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის შეფასება
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
ზურაბაშვილის განცხადებით, რუსულმა მხარემ შეხვედრაზე დაახლოებით ათი საკითხი დააყენა, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროს შეეხებოდა.
მისივე თქმით, რუსულმა მხარემ ვერ წარმოადგინა ქართული ღვინის კომპანიების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები, მათ შორის ღვინის ხარისხთან, უკრაინაში ომის დაფინანსებასა და ანტირუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით.
ზურაბაშვილის შეფასებით, რუსეთის მიერ წამოჭრილი საკითხების ნაწილი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული და ხელს უწყობს “ქართული ოცნების” პრორუსულ ძალად წარმოჩენას, ასევე ოპოზიციური ძალების გაძლიერებას.