“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ქვეყანაში სურსათზე ფასების ზრდასა და პურის, მათ შორის სოციალური პურის, შესაძლო გაძვირებაზე საუბრობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი შეფასებით, პურის შესაძლო გაძვირების ხელშემწყობი ფაქტორებია როგორც კომუნალური ტარიფების ზრდა, ისე დედაქალაქში არსებული სატრანსპორტო პრობლემები და დისტრიბუციისთვის დაწესებული შეზღუდვები.
“თბილისში დისტრიბუტორებს გადაადგილებას უზღუდავენ და აჯარიმებენ, მაშინ როცა მაღაზიებთან პროდუქციის ჩამოსატვირთი ადგილებიც კი არ არსებობს”, – განაცხადა ფარულავამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თბილისის მერიას სატრანსპორტო პოლიტიკის გამოც აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების ეკონომიკური შედეგები საბოლოოდ მომხმარებლებზე აისახება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მუნიციპალიტეტისგან სამი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს:
- პურის დისტრიბუციისთვის სპეციალური თავისუფალი რეჟიმისა და ნებართვების შემოღებას;
- მაღაზიებთან პროდუქციის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის განკუთვნილი ადგილების მოწყობას;
- დისტრიბუტორებისთვის იმ ჯარიმების შეჩერებას, რომლებსაც პარტია უსამართლოდ მიიჩნევს.
ამასთან, ლაშა ფარულავა მოქალაქეებს 28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.