საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსეთთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს და ადასტურებს, რომ ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრები, შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, შეხვედრების ადგილის ცვლილება არაღიარების პოლიტიკას არ ეწინააღმდეგება და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ უკავშირდება.
რუსეთთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა
კობახიძის განცხადებით, რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობას ორი ქვეყნის გეოგრაფიული მეზობლობა განაპირობებს.
“დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. პოლიტიკა იცვლება, მაგრამ ხალხი რჩება ხალხად და ბუნებრივია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩეთ მაინც მეზობლებად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, დიალოგი კონკრეტულ პრინციპებს, ობიექტურ რეალობასა და ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს. ამასთან, კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებების მიმართულებას არა ე.წ. „დიფ სთეითი“, არამედ მხარეთა ობიექტური ინტერესები განსაზღვრავდეს.
შესაძლო შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მომდევნო შეხვედრები მონაცვლეობით მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს.
მისი განმარტებით, ფორმატის პრინციპების დაცვისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვში გაემგზავროს არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.
“მთავარი არის, რომ არც ერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს”, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, “მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა”.
ქართული ღვინის კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები
მთავრობის მეთაური გამოეხმაურა რუსეთის მიერ შვიდი ქართული ღვინის კომპანიისთვის დაწესებულ შეზღუდვებსა და კიდევ ორი კომპანიის შესაძლო დასანქცირების საკითხსაც.
კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ არსებული შეზღუდვების მოხსნის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა რუსულმა მხარემ, ამის ნაცვლად, სიის შესაძლო გაფართოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პრემიერ-მინისტრი უსაფუძვლოდ მიიჩნევს რუსეთის მიერ ქართული კომპანიების წინააღმდეგ დასახელებულ ბრალდებებს, რომლებიც ღვინის ხარისხს, უკრაინაში ომის დაფინანსებასა და ანტირუსულ პროპაგანდაში მონაწილეობას უკავშირდება.
მისი შეფასებით, აღნიშნული შეზღუდვები თავად რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც ეწინააღმდეგება.
კობახიძემ რუსეთის გადაწყვეტილებები ევროპული ბიუროკრატიის მოქმედებებს შეადარა და ამ კონტექსტში ე.წ. “დიფ სთეითის” გავლენაზეც ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს დონეზე საკითხს გადააფასებენ და ქართული ღვინის კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.
რა საკითხები განიხილეს მინსკში?
კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა რუსულ მხარესთან განხილული საკითხები სამ კატეგორიად დაყო:
- ქართული ღვინის კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვები;
- ტექნიკური საკითხები, რომლებზეც მხარეებს შორის საუბარი გაგრძელდება;
- ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობები და ერთობლივი კონფერენციების ორგანიზება.
საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხზე ჟურნალისტის დამატებით შეკითხვას პრემიერ-მინისტრის უკმაყოფილება მოჰყვა. კობახიძემ ჟურნალისტს საუბრის დასრულებამდე შეკითხვის დასმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს მინსკში შეხვდა.