ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესების მოთხოვნაა ასახული.

დოკუმენტს, სახელწოდებით “პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები “ქართული ოცნების” რეჟიმის პირობებში”, ევროპარლამენტარები 26 ნოემბერს უყრიან კენჭს.

პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა

რეზოლუციის პროექტის ავტორები გმობენ პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენებს და მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ყველა პირზე, რომლებსაც დოკუმენტის ავტორები პოლიტიკურ პატიმრებად ან უკანონოდ დაკავებულებად მიიჩნევენ, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.

პროექტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტები და უზრუნველყოს პაატა ბურჭულაძის წვდომა სათანადო სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებაზე, ოჯახთან რეგულარული კონტაქტი და შეუფერხებელი საკონსულო წვდომა.

ადამიანის უფლებები და სამართალდამცავი უწყებების პასუხისმგებლობა

დოკუმენტის ავტორები ხელოვანების, ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ, მათი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო შევიწროების შეწყვეტას მოითხოვენ.

პროექტში ასევე ხაზგასმულია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უზრუნველყოფის აუცილებლობა.

ევროპარლამენტარები დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

ვის წინააღმდეგ ითხოვენ სანქციების დაწესებას?

მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესების მოთხოვნა, დასახელებული პოლიტიკური ფიგურების გარდა, მოსამართლეებს, პროკურორებსა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებსაც ეხება, რომლებსაც რეზოლუციის პროექტის ავტორები ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებლობას აკისრებენ.

დოკუმენტში ასევე გამოთქმულია უკმაყოფილება ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო.

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია

რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა.

ამასთან, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის აუცილებელი წინაპირობაა.