ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მიმდინარეობდა. XVIII საუკუნეში ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთ ფორმად ქსოვილის შინ დამზადებაც იქცა. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ქალებმა შეასრულეს, ხოლო სელი, რომელსაც ადამიანები ათასწლეულების განმავლობაში სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ, ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური წინააღმდეგობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.

ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ომის პერიოდში სელის ქსოვილისგან დამზადებულ კარვებს გენერალი ჯორჯ ვაშინგტონიც იყენებდა. ეს კარვები ერთდროულად სამხედრო შტაბისა და გენერლის პირადი საცხოვრებლის ფუნქციას ასრულებდა.

სელის მრავალსაუკუნოვანი ისტორია

სელი (Linum usitatissimum) მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კულტივირებული მცენარეა. ალპებში აღმოჩენილი სელის ბოჭკოები ძვ. წ. დაახლოებით 5000 წლით თარიღდება.

ძველ ეგვიპტეში სელის ქსოვილს ფართოდ იყენებდნენ როგორც ყოველდღიური ტანსაცმლის დასამზადებლად, ისე მუმიფიცირების პროცესში. მოგვიანებით მისი წარმოება ევროპაშიც გავრცელდა.

789 წელს კარლოს დიდმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ოჯახებს საკუთარი მოხმარებისთვის სელი უნდა მოეყვანათ და ქსოვილი დაემზადებინათ.

XVII საუკუნისთვის ევროპაში სელის ქსოვა უკვე სპეციალიზებულ ხელობად ითვლებოდა. გლეხები თავად ზრდიდნენ მცენარეს, ამუშავებდნენ მის ბოჭკოებს და ამზადებდნენ ძაფს, რომელსაც შემდეგ ქსოვილის დასამზადებლად ადგილობრივ ოსტატებს გადასცემდნენ.

ევროპული კოლონიების გაფართოებასთან ერთად სელის წარმოება ჩრდილოეთ ამერიკაშიც გავრცელდა.

როგორ იქცა ქსოვა პოლიტიკური წინააღმდეგობის ფორმად

XVIII საუკუნის შუა წლებში ჩრდილოეთ ამერიკის ცამეტი კოლონიის ეკონომიკა ბრიტანეთთან ვაჭრობაზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული. საშუალოდ, კოლონისტები საკუთარი ბიუჯეტის მეოთხედზე მეტს იმპორტირებულ საქონელზე ხარჯავდნენ.

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 1760-იან წლებში, როდესაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ კოლონიებისთვის ახალი გადასახადები და სავაჭრო შეზღუდვები შემოიღო.

1765 წელს მიღებული საგერბო მოსაკრებლის შესახებ კანონი (Stamp Act) კოლონისტებს ავალდებულებდა, სხვადასხვა დოკუმენტისა და ბეჭდური გამოცემისთვის სპეციალური ნიშნით დამოწმებული ქაღალდი გამოეყენებინათ.

კანონს მასობრივი უკმაყოფილება მოჰყვა. სწორედ ამ პერიოდში გავრცელდა პოლიტიკური ლოზუნგი – „არავითარი დაბეგვრა წარმომადგენლობის გარეშე“.

ბრიტანული საქონლის ბოიკოტის ფონზე კოლონისტებმა ადგილობრივი წარმოების განვითარება დაიწყეს. იმპორტირებული ქსოვილის ნაცვლად სულ უფრო მეტი ოჯახი საკუთარი ტანსაცმლის დამზადებას შეუდგა.

სელის დამუშავება, ძაფის დართვა და ქსოვა ყოველდღიური საქმიანობიდან პოლიტიკური პროტესტის ფორმად გადაიქცა.

ქალები ამერიკის რევოლუციაში

XVII საუკუნის ჩრდილოეთ ამერიკაში ძაფის დართვა ძირითადად ქალების საქმიანობად ითვლებოდა, ქსოვა კი პროფესიულ ხელობად მიიჩნეოდა, რომელსაც უმეტესად მამაკაცები ეწეოდნენ.

XVIII საუკუნის განმავლობაში ეს დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა. ქალებმა ქსოვილის წარმოებაში უფრო აქტიური მონაწილეობა დაიწყეს და ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ბრიტანული საქონლის ბოიკოტის პერიოდში ქალები საჯარო შეკრებებს მართავდნენ, სადაც ერთობლივად რთავდნენ ძაფს. ასეთი ღონისძიებები ხშირად ადგილობრივი გაზეთების ყურადღების ცენტრშიც ექცეოდა.

1769 წელს კონექტიკუტში ორმა ქალმა ძაფის დართვაში შეჯიბრებაც კი გამართა. მათ მუშაობა მზის ამოსვლიდან მალევე დაიწყეს და საღამოს ცხრა საათამდე გააგრძელეს. დღის განმავლობაში ქალებმა მაღალი ხარისხის სელის ძაფის თითქმის 14 გორგალი დაამზადეს.

იმდროინდელი პრესა ბრიტანული საქონლის ბოიკოტში მონაწილე ქალებს ხშირად „თავისუფლების ქალიშვილებად“ (Daughters of Liberty) მოიხსენიებდა.

ქსოვილის წარმოება მათ საშუალებას აძლევდა, რევოლუციურ პროცესებში უშუალოდ ჩართულიყვნენ და ამავდროულად საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები წარმოეჩინათ.

ტანსაცმელი, როგორც პოლიტიკური განცხადება

რევოლუციური მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად პოლიტიკური მნიშვნელობა თავად ტანსაცმელმაც შეიძინა.

ადგილობრივად დამზადებული ქსოვილისგან შეკერილი სამოსის ტარება ბრიტანული საქონლის უარყოფისა და კოლონიების დამოუკიდებლობის იდეის მხარდაჭერის გამოხატულებად იქცა.

1769 წელს ლონგ-აილენდზე გამართული ერთ-ერთი შეკრების მონაწილე ქალები ადგილობრივმა გამოცემამ „ნამდვილ პატრიოტ ქალებად“ მოიხსენია.

შინ დამზადებული ტანსაცმლის ტარება მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელ ქალებშიც პოპულარული გახდა. ის ერთდროულად პატრიოტიზმის, შრომისმოყვარეობისა და ეკონომიკური პასუხისმგებლობის ნიშნად აღიქმებოდა.

1774 წელს აბიგეილ ადამსი, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, ჯონ ადამსის მეუღლე, ქმარს მასაჩუსეტსში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის შესახებ სწერდა:

„რაც შემეხება მე, მოვიძიებ მატყლსა და სელს და საკუთარი ხელით სიამოვნებით ვიმუშავებ. ახლა ჩვენი შრომისმოყვარეობა და მომჭირნეობა განსაკუთრებით საჭიროა“.

სელი და ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია

სელის მნიშვნელობა მხოლოდ ტანსაცმლის წარმოებით არ შემოიფარგლებოდა.

გაცვეთილ სუფრებს, ტანსაცმელსა და თეთრეულს კოლონიურ ამერიკაში ხელახლა ამუშავებდნენ და ქაღალდის დასამზადებლად იყენებდნენ. სელის გამძლე ძაფით წიგნებსაც კინძავდნენ.

XVIII საუკუნის ამერიკაში დაბეჭდილი წიგნების დიდი ნაწილი სწორედ სელის ძაფით იყო აკინძული.

საინტერესოა ისიც, რომ 1776 წელს ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სამუშაო ვერსია სელის ბოჭკოებისგან დამზადებულ ქაღალდზე დაიწერა, ვიდრე დოკუმენტის საბოლოო ტექსტს პერგამენტზე გადაიტანდნენ.

რატომ დაკარგა სელმა წამყვანი პოზიცია?

XIX საუკუნეში ამერიკის ტექსტილის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. ბამბის გასაწმენდი დანადგარის გამოგონებამ, მონური შრომის ექსპლუატაციამ და საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნის ზრდამ ბამბის წარმოების სწრაფ გაფართოებას შეუწყო ხელი.

ამერიკის სამოქალაქო ომის დაწყების პერიოდისთვის ბამბაზე აშშ-ის ექსპორტის მთლიანი ღირებულების დაახლოებით 61% მოდიოდა.

სელის ქსოვილის წარმოებამ თანდათან დაკარგა წამყვანი ეკონომიკური მნიშვნელობა და ძირითადად სპეციალიზებული სამრეწველო პროდუქციისა და მაღალი ხარისხის ქსოვილების ბაზარზე გადაინაცვლა.

თუმცა ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაში სელს განსაკუთრებული ადგილი დარჩა. მისი მოყვანა, დამუშავება და ქსოვა ქალებისთვის პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისა და კოლონიების ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მონაწილეობის საშუალება იყო.

წყარო: JSTOR Daily