უეფა ბათუმში, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშსა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” შორის გამართული ევროპა ლიგის მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
ორგანიზაციის განცხადებით, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას აცნობა, რომ შეხვედრა სტამბოლში, “ბეშიქთაშის” საშინაო სტადიონზე არ გაიმართებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების რეკომენდაციებსა და მითითებებს ეფუძნებოდა.
უეფას ცნობით, იმავე შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ მატჩის ჩატარების ახალ ადგილად ბათუმის სტადიონი შეირჩა.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ უეფა არ ყოფილა მატჩის უშუალო ორგანიზატორი და, შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა და ამ პროცესზე კონტროლი არ ეკისრებოდა.
განცხადების თანახმად, სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებით, მათი უფლებამოსილებისა და იურისდიქციის ფარგლებში განხორციელდა.
უეფა ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დაპირისპირების დაწყების გარემოებების შესახებ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და “ბეშიქთაშის” გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება, რომელმაც მატჩის დროებითი შეჩერება გამოიწვია, მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველები გულშემატკივართა სექტორში თავად “ბეშიქთაშის” გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებების აღსაკვეთად შევიდნენ.