რა რისკებს შეიცავს საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების ორმხრივ ფორმატში გაგრძელება და რატომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობა? შეუძლია თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას დეოკუპაციისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და რას აჩვენებს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გამოცდილება?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში მინსკში დაწყებულ დიალოგს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკას აფასებს. მისი აზრით, რუსეთთან ურთიერთობაში დასავლელი პარტნიორების ჩართულობის შემცირება საქართველოს პოზიციებს ასუსტებს.

 – ხელისუფლება რუსეთთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს და მოსკოვსა თუ თბილისში შეხვედრების გამართვაში რისკს ვერ ხედავს. როგორ აფასებთ ამ მიდგომას და რუსეთთან ურთიერთობის დღევანდელ შედეგებს?

– რუსეთთან ურთიერთობის ამ პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების აღდგენა სახელდებოდა. ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება. თუმცა 14 წლის შემდეგ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებითაც არ არსებობს სტაბილურობის გარანტია.

რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ქართული პროდუქციის აკრძალვა და ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ასეთ ურთიერთობას საიმედო გარანტიები ვერ ექნებოდა.

ამ წლების განმავლობაში გაიზარდა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დავშორდით დასავლეთს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და მეგობრებს, პარალელურად კი ქართული ეკონომიკა რუსეთზე უფრო მეტად დამოკიდებული გახდა. ეს მოსკოვს აძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებად გამოიყენოს.

რაც შეეხება უფრო აქტიურ დიალოგს, ჩემი შეფასებით, “ქართული ოცნება” ამისთვის ემზადებოდა. სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნაც ფორმატის მნიშვნელობის ცვლილებაზე მიუთითებს.

ვფიქრობ, ამგვარი მოლაპარაკებები საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს პოზიციებს. ახლა ხელისუფლება ცდილობს, ქართული პროდუქციისთვის შექმნილი პრობლემები მოაგვაროს, მაგრამ ამ პროცესში გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

 – იზიარებთ შეფასებას, რომ მინსკში დაწყებული პროცესი შეიძლება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დასუსტების ან ჩანაცვლების საფრთხეს ქმნიდეს?

– რუსეთისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო ისეთი ფორმატი, რომელშიც საქართველოსთან ერთად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მონაწილეობდნენ. მოსკოვს სურდა, ურთიერთობა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში გაგრძელებულიყო,  სხვა მონაწილეების გარეშე, რომლებსაც პროცესზე დაკვირვებისა და საქართველოს პოზიციის მხარდაჭერის შესაძლებლობა ექნებოდათ.

რუსეთი საქართველოს თანასწორ პარტნიორად არ აღიქვამს. ის ცდილობს, შექმნას წარმოდგენა, რომ რეგიონში გადაწყვეტილებებს თავად იღებს.

ჟენევის საერთაშორისო ფორმატის მნიშვნელობა სწორედ ის არის, რომ ამ პროცესში ჩართული არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ეუთო. მათი მონაწილეობა გვაძლევს შესაძლებლობას, ღიად და პირდაპირ დავაყენოთ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები: ტერიტორიული მთლიანობა, დევნილების უსაფრთხო დაბრუნება და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემები.

სპეციალური წარმომადგენლების ფორმატს თავდაპირველად სხვა მანდატი ჰქონდა. ის ეკონომიკურ, სავაჭრო და ჰუმანიტარულ საკითხებზე იყო გათვლილი და უსაფრთხოების თუ პოლიტიკური პრობლემების განხილვა არ უნდა ჩაენაცვლებინა. ჩემი შეფასებით, ბოლო პერიოდში ამ ფორმატმა განსხვავებული დატვირთვა შეიძინა.

ამ ფონზე საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობებიც გაუარესებულია, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით წინსვლა არ გვაქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე აიღოს და პრობლემები სხვა პოლიტიკურ ძალებსა თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს არ გადააბრალოს.

 – არსებობს მოსაზრება, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დიპლომატიისთვის მეტ სივრცეს შექმნიდა და დეოკუპაციის საკითხზე მუშაობასაც გაააქტიურებდა. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ეს არგუმენტი?

– ამ შეფასებას არ ვეთანხმები. საუბარია სახელმწიფოზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.

რუსეთის ხედვით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სამი ცალკეული ერთეული არსებობს,  საქართველო, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ასეთ პირობებში როგორ უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა ისე, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ზიანი არ მივაყენოთ?

რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი არ შეცვლილა. პირიქით, გრძელდება ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ხელოვნური გამყოფი ხაზების გავლება და ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა.

ამიტომ ურთიერთობების აღდგენის დამატებით შესაძლებლობად წარმოჩენა, ჩემი აზრით, მცდარ წარმოდგენას ქმნის. სანამ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარს არ იტყვის, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საქართველოს ინტერესებს უდიდეს ზიანს მიაყენებს.

საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტია, ისევე როგორც რუსეთი. ოკუპირებული რეგიონების ცალკე სახელმწიფოებად აღიარებით კი რუსეთი სწორედ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უპირისპირდება.

 – თქვენი შეფასებით, რა მიზანი აქვს რუსეთს დღეს საქართველოსთან მიმართებით?

– რუსეთს სურს საქართველოს სუვერენიტეტის მაქსიმალურად შეზღუდვა და ჩვენი ქვეყნის დასავლეთისგან დაშორება.

მის ინტერესშია, საქართველოს ნაკლები ყურადღება ექცეოდეს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ნაკლები საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდეს და რუსეთთან ურთიერთობაში უფრო მოწყვლადი იყოს.

ამიტომ ჩვენი პარტნიორებისგან დაშორება რუსეთისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. რაც უფრო ნაკლები საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება საქართველოს, მით უფრო გაუმარტივდება მოსკოვს საკუთარი ინტერესების გატარება.

 – არსებული რეალობის გათვალისწინებით, რუსეთთან კომუნიკაციის რომელ ფორმას მიიჩნევთ ყველაზე გამართლებულად?

– ამისთვის უკვე არსებობს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ჩამოყალიბებული ფორმატი , ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.

ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ყველაზე მართებული სივრცე იმ საკითხებზე სასაუბროდ, რომლებიც საქართველოს ეროვნული ინტერესების შემადგენელი ნაწილია: ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, დევნილების უსაფრთხო დაბრუნება და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

ახალი ფორმატის შეთავაზებისას უნდა ვიკითხოთ, რა მიზანს ემსახურება ის. თუ მასში ჩვენი პარტნიორები არ მონაწილეობენ და საუბარი ქვეყნისთვის მთავარი საკითხებიდან სხვა თემებზე გადადის, ეს საქართველოს პოზიციებს ასუსტებს.

რუსეთთან საუბარი საჭიროა, მაგრამ ის არ უნდა ხდებოდეს ჩვენი პარტნიორების მონაწილეობის დათმობის ხარჯზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

 – ჟენევის ფორმატის შედეგიანობას ხშირად აკრიტიკებენ. რა კონკრეტული შესაძლებლობები შექმნა მან და რატომ არის მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანი?

– უნდა გავმიჯნოთ კონფლიქტის ძირეული საკითხების მოგვარება და ყოველდღიურ პრობლემებზე რეაგირება.

ვერ ვიტყვით, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით გადამწყვეტი შედეგი გამოიღო. თუმცა ამ პროცესთან დაკავშირებული მექანიზმები გვაძლევს შესაძლებლობას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ წარმოქმნილი პრობლემები დავაყენოთ.

სხვადასხვა ინციდენტის დროს არსებობდა მხარეებთან დაკავშირების, ცხელი ხაზის გამოყენებისა და ჰუმანიტარულ პრობლემებზე რეაგირების შესაძლებლობა. ამ პროცესში ევროკავშირისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

ის, რომ ძირითადი პოლიტიკური საკითხები მოუგვარებელია, არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ფორმატზე უარი უნდა ვთქვათ და ის მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებებით ჩავანაცვლოთ.

შვეიცარიის შუამავლობით ურთიერთობის უზრუნველყოფის მექანიზმიც არსებობს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაციის შესაძლებლობა, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დავთმოთ საერთაშორისო მხარდაჭერა.

ჟენევის ფორმატს სირთულეები აქვს, თუმცა მისი მთავარი ღირებულება ის არის, რომ რუსეთთან საუბრის პროცესში საქართველო მარტო არ რჩება.

 – ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაზე, რუსეთის არგაღიზიანებასა და სტრატეგიულ მოთმინებაზე. როგორ აფასებთ ოფიციალური თბილისის დღევანდელ საგარეო აქცენტებს?

– ჩემი შეფასებით, “ქართულ ოცნებას” თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა აღარ გააჩნია. ის ნაბიჯები, რომლებსაც ვხედავთ, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

არგაღიზიანების პოლიტიკის სახელით დაზიანდა დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული შედეგები და შესაძლებლობები , ევროპული პერსპექტივა, პარტნიორებთან ურთიერთობები და ის საფუძველი, რომელიც ასოცირების შეთანხმებამ და ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა სავაჭრო სივრცემ შექმნა.

ამავე დროს გაიზარდა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება. ეს გარდაუვალი პროცესი არ ყოფილა: საქართველოს ჰქონდა დასავლურ ბაზრებთან დაახლოებისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობა.

უნდა დავაკვირდეთ, ვის აძლევს ხელს, რომ საქართველოს ნაკლები საერთაშორისო პარტნიორი და მხარდამჭერი ჰყავდეს. ჩემი პასუხია,  რუსეთს.

თუ ბოლო 14 წლის პოლიტიკას ამ კუთხით შევაფასებთ, ვფიქრობ, ყველაზე მეტი სარგებელი სწორედ მოსკოვმა მიიღო. საქართველო კი აღმოჩნდა მდგომარეობაში, როდესაც დასავლეთთან ურთიერთობები გაუარესებულია, რუსეთზე დამოკიდებულება გაზრდილია და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით წინსვლა არ გვაქვს.

ამ პოლიტიკურ შედეგებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ეკისრება.

ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა