საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო თანამშრომლობას იწყებს. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
ინიციატივის ფარგლებში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მიიღონ.
მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, თუმცა სპეციალური შეთანხმების საფუძველზე ქართველი მოსწავლეები საკონკურსო განაცხადების წარდგენას მიმდინარე წელსვე შეძლებენ.
ვის შეეხება ახალი საგანმანათლებლო პროგრამა?
2026 წელს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ, 2027 წლიდან კი პროგრამა მე-11 კლასის მოსწავლეებზეც გავრცელდება.
შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ კრიტერიუმებს:
- აკადემიურ მოსწრებას;
- ინგლისური ენის ცოდნის დონეს;
- ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას.
კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდების სწავლის საფასური თანადაფინანსების პრინციპით დაიფარება.
„სასწავლო გრანტი თანადაფინანსების პრინციპს ეფუძნება. ეს გულისხმობს, რომ სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტში სწავლის წლიური ღირებულება 35 ათასიდან 42 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს.
გივი მიქანაძემ თანამშრომლობის დაწყებაში ცოტნე ივანიშვილის როლზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, შეთანხმების მიღწევას საფუძვლად ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა და შუამდგომლობა დაედო.
კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი საერთაშორისო საგანმანათლებლო რეიტინგებში
1911 წელს დაარსებული ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი რეგიონის უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
QS-ის 2027 წლის საერთაშორისო საუნივერსიტეტო რეიტინგის მიხედვით, უნივერსიტეტი მსოფლიოში მე-11, ხოლო აზიაში პირველ ადგილს იკავებს.
Times Higher Education-ის 2027 წლის გლობალურ რეიტინგში კი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი 33-ე ადგილზეა.
უნივერსიტეტში სწავლების ძირითადი ენა ინგლისურია.