მსოფლიოს წამყვანი მოდის ბრენდები, მათ შორის Zara და H&M, ბანგლადეშში მიმდინარე შრომითი პროტესტის, წარმოების შეფერხებისა და მზარდი ხარჯების ფონზე შეკვეთების ნაწილს აზიის სხვა ქვეყნებში გადაანაწილებენ.

Reuters-ის ინფორმაციით, რომელიც ტანსაცმლის მწარმოებელი სამი საწარმოს მფლობელს ეყრდნობა, 1-18 ნოემბრის პერიოდში საერთაშორისო ბრენდებმა ბანგლადეშიდან დაახლოებით 254 მილიონი დოლარის ღირებულების შეკვეთები გადაიტანეს, რაც ყოველთვიური შეკვეთების თითქმის 10%-ს შეადგენს.

შეკვეთების უდიდესი ნაწილი ინდოეთში გადავიდა, თუმცა საერთაშორისო კომპანიები ალტერნატიულ მომწოდებლებს ვიეტნამში, კამბოჯასა და ინდონეზიაშიც ეძებენ.

ბანგლადეში კონკურენტულ უპირატესობას კარგავს

ბანგლადეში ჩინეთის შემდეგ ტანსაცმლის მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია. ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა წლების განმავლობაში წარმოების დაბალ ხარჯებსა და შედარებით იაფ სამუშაო ძალას ეფუძნებოდა.

თუმცა ხელფასების ზრდა, ენერგორესურსების დეფიციტი და პოლიტიკური არასტაბილურობა საერთაშორისო ბრენდებს მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციისკენ უბიძგებს.

ბანგლადეშის ტანსაცმლის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის (BGMEA) მონაცემებით, მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად წარმოების დანაკარგმა 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ტანსაცმლის წარმოებაზე ქვეყნის საექსპორტო შემოსავლების 80%-ზე მეტი და გადამამუშავებელ მრეწველობაში არსებული სამუშაო ადგილების თითქმის 40% მოდის.

25 ნოემბერს ბანგლადეშის ხელისუფლებამ სამკერვალო სექტორში დასაქმებულთათვის მინიმალური ხელფასის 36%-ით გაზრდა დაამტკიცა. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებამ დასაქმებულთა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა – ისინი ხელფასების გაორმაგებაზე მეტ ზრდას ითხოვდნენ.

ინდუსტრიის წარმომადგენელთა შეფასებით, ხელფასების ზრდა ბანგლადეშის კონკურენტულ უპირატესობას ინდოეთთან მიმართებით კიდევ უფრო შეამცირებს. პროფკავშირები კი აცხადებენ, რომ დასაქმებულთა ანაზღაურება საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით კვლავ დაბალია.

ინდოეთი შეკვეთების გადანაწილების მთავარი ბენეფიციარია

Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, ბანგლადეშიდან შეკვეთების ნაწილი Zara-მ, H&M-მა, Marks & Spencer-მა, Celio-მ და სხვა საერთაშორისო ბრენდებმა გადაიტანეს.

Zara-ს მფლობელმა კომპანია Inditex-მა საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, დანარჩენ კომპანიებს კი სააგენტოს შეკითხვებისთვის არ უპასუხიათ.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ინდოეთის ტექსტილის სექტორში მოქმედი კომპანიების აქციების ღირებულება გაიზარდა.

კერძოდ:

  • Gokaldas Exports-ის აქციები – 11%-მდე;
  • Trident-ის აქციები – დაახლოებით 5%-ით;
  • Welspun Living-ის, KPR Mill-ისა და Vardhman Textiles-ის აქციები – დაახლოებით 2%-ით.

წარმოების დაბალი ღირებულება საკმარისი აღარ არის

ბანგლადეშის ტანსაცმლის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო ბრენდებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პროდუქციის დროული მიწოდება და არა მხოლოდ მისი დაბალი ღირებულება.

ინდოეთს ბანგლადეშთან შედარებით პროდუქციის მიწოდების ვადის დაახლოებით ერთი კვირით შემცირება შეუძლია, ვიეტნამსა და კამბოჯას კი – 15 დღემდე.

კონკურენტ ქვეყნებში წარმოებისა და მიწოდების სრული ციკლი, როგორც წესი, 60-90 დღეს მოიცავს, ბანგლადეშში კი ეს პერიოდი დაახლოებით 120 დღეს შეადგენს.

წარმოების შეფერხების შედეგად დაკის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქმედმა საწარმოებმა დაახლოებით 20-25 სამუშაო დღე დაკარგეს. ზოგიერთი მწარმოებელი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად ზეგანაკვეთური მუშაობისა და ძვირადღირებული საჰაერო გადაზიდვების გამოყენებას განიხილავს.

დამატებით პრობლემას ქმნის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისით გამწვავებული ენერგორესურსების დეფიციტი, რის გამოც საწარმოების ნაწილს ენერგიის უფრო ძვირადღირებული ალტერნატიული წყაროების გამოყენება უწევს.

დროებითი ცვლილება შესაძლოა გრძელვადიან ტენდენციად იქცეს

ინდუსტრიის წარმომადგენელთა მთავარი შეშფოთება ისაა, რომ შეკვეთების დროებითი გადანაწილება შესაძლოა საერთაშორისო ბრენდების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი გახდეს.

მწარმოებლების განცხადებით, ზოგიერთი უცხოელი დამკვეთი ახალი შეკვეთების განთავსებას უკვე თავს არიდებს, არსებული შეკვეთების ნაწილი კი გადავადებულია, გაუქმებულია ან სხვა ქვეყნებშია გადატანილი.

სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, ბანგლადეშისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობის აღდგენას, წარმოების უწყვეტობის უზრუნველყოფასა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობის დაბრუნებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტანსაცმლის მწარმოებელმა ქვეყანამ შესაძლოა გლობალურ ბაზარზე პოზიციების ნაწილი გრძელვადიან პერსპექტივაშიც დაკარგოს.