საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სატელეფონო ცნობარი თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვებოდა. დღეს მისი ბეჭდური ვერსია პრაქტიკულად გაქრა, თუმცა მისი მემკვიდრეობა თანამედროვე საძიებო სისტემებში, ციფრულ მონაცემთა ბაზებსა და ინფორმაციის მოძიების ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებში კვლავ არსებობს.
ტეხასის შტატის ქალაქ ჯორჯტაუნის სატელეფონო ცნობარების კოლექცია, რომელიც 1913–1959 წლებში გამოცემულ 18 ტომს აერთიანებს, გვიჩვენებს, როგორ შეცვალა ტელეფონმა არა მხოლოდ ადამიანებს შორის კომუნიკაცია, არამედ ინფორმაციის მიმართ მათი დამოკიდებულებაც.
გამოგონება, რომლის კომერციულ წარმატებაშიც ეჭვი ეპარებოდათ
ტელეფონის შექმნას საფუძვლად 1870-იან წლებში ტელეგრაფის გაუმჯობესებისთვის დაწყებული ტექნოლოგიური კონკურენცია დაედო.
ტელეგრაფით კომუნიკაციას სპეციალურად მომზადებული ოპერატორები სჭირდებოდა, ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე კი მზარდი საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს სრულად ვეღარ აკმაყოფილებდა.
1876 წლის 14 თებერვალს ალექსანდერ გრემ ბელმა და ელაიშა გრეიმ ელექტრული სიგნალების საშუალებით ადამიანის ხმის გადაცემის ტექნოლოგიასთან დაკავშირებით აშშ-ის საპატენტო უწყებას კონკურენტული განაცხადებით მიმართეს.
შემდგომმა სამართლებრივმა დავებმა ამერიკის სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება განსაზღვრა – ტელეფონთან დაკავშირებული ძირითადი საპატენტო უფლებები ბელს დარჩა.
თუმცა იმ პერიოდში ტელეფონის კომერციული პოტენციალი ყველასთვის აშკარა არ ყოფილა. როდესაც ბელმა კომპანია Western Union-ს საკუთარი პატენტის შეძენა შესთავაზა, ტელეგრაფის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა შეთავაზებაზე უარი თქვეს.
მათ მიაჩნდათ, რომ ბიზნესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ინფორმაციის გადაცემის სისწრაფეს ჰქონდა და არსებული ტელეგრაფი ამ მოთხოვნას უკეთ აკმაყოფილებდა.
როგორ გაჩნდა პირველი სატელეფონო ცნობარი?
ტელეფონის მწარმოებლებს მხოლოდ მომხმარებლების მოზიდვა არ ჰყოფნიდათ – საზოგადოებას ახალი ტექნოლოგიის ყოველდღიურად გამოყენებაც უნდა ესწავლა.
1878 წლის თებერვალში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ჰეივენში, პირველი სატელეფონო ცნობარი დაიბეჭდა. სინამდვილეში, ეს წიგნი არც ყოფილა – მხოლოდ ერთი ფურცელი იყო, რომელზეც დაახლოებით 50 აბონენტის სახელი ეწერა.
მომდევნო თვეებში ბოსტონსა და ნიუ-იორკში უფრო დახვეწილი ცნობარები გამოიცა.
იმავე წლის ოქტომბერში ჩიკაგოში გამოქვეყნებულმა 12-გვერდიანმა გამოცემამ კი სატელეფონო ცნობარის ჩვენთვის ნაცნობ ფორმატს ჩაუყარა საფუძველი – ანბანური თანმიმდევრობით დალაგებული სახელები, ნომრები და საქმიანობის სფეროების მიხედვით დაჯგუფებული ჩამონათვალი.
ჩიკაგოს ცნობარის მიზანი ბიზნესმენებისთვის ტელეფონის პრაქტიკული სარგებლის ჩვენება იყო. თუმცა მასში უკვე საუბარი იყო პირადი კომუნიკაციის შესაძლებლობაზეც – ტელეფონს შეეძლო ერთმანეთთან დაეკავშირებინა არა მხოლოდ ვაჭარი და მწარმოებელი, არამედ მეუღლეები და შეყვარებულებიც.
რატომ ეწინააღმდეგებოდნენ სატელეფონო კომპანიები პირად საუბრებს?
დღეს ტელეფონით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საუბარი სრულიად ბუნებრივია, თუმცა სატელეფონო ინდუსტრიის განვითარების საწყის ეტაპზე კომპანიები ამგვარ კომუნიკაციას არასასურველად მიიჩნევდნენ.
მათი აზრით, პირადი საუბრები ტელეფონის, როგორც სერიოზული ბიზნესინსტრუმენტის, რეპუტაციას აზიანებდა. გარდა ამისა, ხანგრძლივი საუბრები სატელეფონო ხაზებსა და ოპერატორებს ტვირთავდა, რაც საქმიანი კომუნიკაციის სისწრაფეს ამცირებდა.
კომპანიები ძირითადად დიდ ქალაქებზე იყვნენ ორიენტირებული და ნაკლებად ინტერესდებოდნენ სოფლებისა და მცირე დასახლებების მომსახურებით.
ვითარება 1893–1894 წლებში შეიცვალა, როდესაც ბელის პატენტების მოქმედების ვადა ამოიწურა. აშშ-ში ათასობით დამოუკიდებელი სატელეფონო კომპანია შეიქმნა, რომლებმაც მანამდე უყურადღებოდ დარჩენილი რეგიონების მომსახურება დაიწყეს.
სოფლის მოსახლეობისთვის ტელეფონი მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ ყოფილა. მისი დახმარებით ადამიანები ახალ ამბებს იგებდნენ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასებს არკვევდნენ და იზოლაციის დაძლევას ახერხებდნენ.
როდესაც სატელეფონო ოპერატორი მთელი დასახლების ინფორმაციის წყარო იყო
აშშ-ში სატელეფონო ოპერატორებად ძირითადად ქალები მუშაობდნენ. კომპანიები მათ კომუნიკაბელურობის გამო ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორი ისიც იყო, რომ ქალებისთვის შედარებით დაბალი ანაზღაურების გადახდა შეეძლოთ.
სოფლებში ოპერატორი ხშირად ადგილობრივი საზოგადოების წევრი იყო – ზოგჯერ ფერმერის მეუღლე ან ქალიშვილი, რომელიც თითქმის ყველა აბონენტს პირადად იცნობდა.
1913 წლის ჯორჯტაუნის სატელეფონო ცნობარში სოფლის მოსახლეობას შეახსენებდნენ, რომ ოპერატორი მანქანა არ იყო და დასვენების უფლება ჰქონდა. აბონენტებს სთხოვდნენ, განსაზღვრულ საათებში მხოლოდ ექიმის გამოძახების აუცილებლობის შემთხვევაში დაერეკათ.
ქალაქში ვითარება განსხვავებული იყო. სატელეფონო ქსელის გაფართოებისა და ოპერატორების ხშირი ცვლილების გამო კომპანიები მომხმარებლებს სახელების ნაცვლად ნომრების გამოყენებას სთხოვდნენ.
ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად პერსონალური ურთიერთობა თანდათან სტანდარტიზებული მომსახურებით იცვლებოდა.
როგორ გაჩნდა ინტერნეტსაძიებო სისტემების ერთგვარი წინამორბედი?
1913 წლის ჯორჯტაუნის ცნობარში სიტყვა „ინფორმაცია“ საერთოდ არ გვხვდება. თუმცა 1929 წლის გამოცემაში აბონენტებს უკვე სპეციალურ საინფორმაციო სამსახურთან დაკავშირებას სთავაზობდნენ.
ამ სამსახურის თავდაპირველი დანიშნულება მარტივი იყო – მომხმარებლისთვის იმ სატელეფონო ნომრების მიწოდება, რომლებიც ბეჭდურ ცნობარში არ იყო შეტანილი.
თუმცა ადამიანებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ ოპერატორისთვის გაცილებით მეტი კითხვის დასმა შეეძლოთ.
ჯერ კიდევ 1907 წელს გაზეთ Boston Daily Globe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ადამიანები საინფორმაციო სამსახურს ისეთი კითხვებითაც მიმართავდნენ, რომლებზე პასუხის გასაცემად ლექსიკონის, გეოგრაფიული ცნობარის ან სხვა საინფორმაციო წყაროს გამოყენება იყო საჭირო.
რატომ უნდა მოეძებნა ადამიანს პასუხი წიგნში, როდესაც შეეძლო უბრალოდ დაერეკა და ეკითხა?
ამ ჩვევამ სატელეფონო კომპანიებს ახალი პრობლემა შეუქმნა. 1932 წლის ჯორჯტაუნის ცნობარში მომხმარებლებს საყვედურობდნენ, რომ ოპერატორებისთვის მოთხოვნილი ნომრების თითქმის ნახევარი თავად ცნობარშიც იყო მითითებული.
კომპანიები აბონენტებს მოუწოდებდნენ, თავდაპირველად წიგნში მოეძებნათ ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მიემართათ ოპერატორისთვის.
ავტომატიზაცია და ადამიანური კომუნიკაციის დასასრული
ტექნოლოგიურმა განვითარებამ თანდათან შეცვალა სატელეფონო ოპერატორების ფუნქციებიც.
1940 წლის ცნობარში აღწერილი იყო მბრუნავდისკოიანი ტელეფონის გამოყენების წესები. ტეხასის ქალაქ ჯარელში საინფორმაციო ოპერატორთან დასაკავშირებლად მომხმარებელს უკვე სპეციალური ნომრის — 00-ის — აკრეფა სჭირდებოდა.
ჯორჯტაუნი ავტომატურ სატელეფონო სისტემაზე 1954 წელს გადავიდა. საინფორმაციო სამსახურის ნაცვლად აბონენტებს 11-ის აკრეფას სთავაზობდნენ იმ ნომრების გასაგებად, რომლებიც ცნობარში არ იყო შეტანილი.
1968 წელს კომპანია Bell-მა ოფიციალურად გააუქმა მომსახურების სახელწოდება Information და ის Directory Assistance-ით – სატელეფონო ნომრების მოძიების სამსახურით – ჩაანაცვლა.
ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ მომხმარებლები ოპერატორებს სატელეფონო ნომრებთან დაუკავშირებელ კითხვებსაც უსვამდნენ.
კომპანიების ხელმძღვანელები მიიჩნევდნენ, რომ მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება მექანიზაციისა და ავტომატიზაციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
როგორ იქცა სატელეფონო ცნობარი ციფრული ეკონომიკის რესურსად?
1991 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სატელეფონო ცნობარში ანბანური თანმიმდევრობით დალაგებული აბონენტების მონაცემები საავტორო უფლებებით დაცვას არ ექვემდებარებოდა.
სასამართლოს შეფასებით, სახელებისა და ნომრების უბრალო ჩამონათვალი შემოქმედებით ნაწარმოებს არ წარმოადგენდა.
ამ გადაწყვეტილებამ სატელეფონო ცნობარებში თავმოყრილი ფაქტობრივი მონაცემების თავისუფლად გამოყენებას შეუწყო ხელი.
1990-იანი წლების შუა პერიოდში ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ამ მონაცემების საფუძველზე ონლაინცნობარების შექმნა დაიწყეს.
ბეჭდური სატელეფონო ცნობარი თანდათან ციფრულმა მონაცემთა ბაზებმა და ინტერნეტსაძიებო სისტემებმა ჩაანაცვლა.
ინფორმაცია თუ ცოდნა?
ჯერ კიდევ 1969 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე ფსიქოლოგმა და კომპიუტერული მეცნიერების მკვლევარმა ჯოზეფ კარლ რობნეტ ლიკლაიდერმა ინფორმაციული ტექნოლოგიების მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა.
მისი აზრით, კაცობრიობის წინაშე იდგა არჩევანი – შეექმნა ელექტრონულად შენახული ფაქტების უზარმაზარი სისტემა თუ ტექნოლოგია ადამიანის შემოქმედებისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის გამოეყენებინა.
სხვა სიტყვებით, მთავარი განსხვავება ინფორმაციის უბრალო ხელმისაწვდომობასა და მასთან აქტიურ ურთიერთქმედებას შორის არსებობდა.
თუმცა სატელეფონო ცნობარების ისტორია გვიჩვენებს, რომ ადამიანები ამ შესაძლებლობებს გაცილებით ადრე იკვლევდნენ.
1957 წლის ჯორჯტაუნის ცნობარის ერთ-ერთ შემორჩენილ ეგზემპლარზე ოჯახის წევრებს ფანქრით მიუწერიათ საკუთარი სახლის, საავადმყოფოს, სადგურისა და მაღაზიის ნომრები. ცალკე მოუნიშნავთ ნომერი, რომელზეც ღამით შეეძლოთ დარეკვა.
ამგვარად, ისინი მზა მონაცემებს საკუთარი საჭიროებების მიხედვით გარდაქმნიდნენ და მათ ახალ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
თანამედროვე ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ინფორმაციის მოძიების ეს ჩვევა განსაკუთრებით ნაცნობია. ადამიანები ტექნოლოგიას მხოლოდ კომუნიკაციისთვის აღარ იყენებენ – ისინი მას კითხვებს უსვამენ, პასუხებს ეძებენ და თავადაც ავსებენ ახალი ინფორმაციით.
ამ ურთიერთობის საწყისები კი ჯერ კიდევ იმ პერიოდში უნდა ვეძებოთ, როდესაც ინფორმაციის მისაღებად ადამიანს სატელეფონო ცნობარი და ხაზის მეორე ბოლოში მყოფი ოპერატორი სჭირდებოდა.